„თავისუფლება რეალურად, სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს საშუალებას, გვინდოდეს ევროპა. თქვენი ეს „ევროპული ხმა“ ასევე, იქნება მიტანილი ევროპამდე“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ შეიძლებოდა, კამპანია „შენი ხმა ევროპას“ გაზიარებული არ ყოფილიყო დიასპორის მიერ, რომელიც ქართული საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენს:
„ჩვენი ხმა ევროპას“ არ არის პრეზიდენტის კამპანია. მე ინიციატორი ვარ, რადგან ეს სადღაც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ეს რეალურად, თითოეული თქვენგანის კამპანიაა, მათი, ვისაც ევროპა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 8 ნოემბრის შემდეგ, სასახლეში ბევრი სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. აქ იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – კულტურა, სპორტი, მედია, მედიცინა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეთნიკური უმცირესობები, შშმ პირები და სხვა. ძალიან ბევრი სხვადასხვა სფერო იყო წარმოდგენილი იმისთვის, რომ გვეჩვენებინა სრულყოფილი სურათი საქართველოს საზოგადოებისა, რომელიც მეტი თავისუფლების, მეტი დამოუკიდებლობის, მეტი უსაფრთხოების მისაღებად ევროპისკენ მიისწრაფვის.
ეს კამპანია ქვეყნის ზოგიერთ რეგიონზეც გავრცელდა: ზუგდიდზე, გორზე, ყვარელზე, დუისზე, სამწუხაროდ, ყველგან ვერ შევძელით ჩასვლა, მაგრამ სადაც ჩავედით ყველა რეგიონი მიუერთდა კამპანიას. არ შეიძლებოდა, რომ ეს კამპანია გაზიარებული არ ყოფილიყო თქვენს მიერ, ჩვენი დიასპორის მიერ, რომელიც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენს.
თქვენ ევროპაში ხართ, თქვენი ხმა ევროპიდანაა და თქვენი გამოცდილებით ზუსტად იცით, რას ნიშნავს ევროპა თავისი პლუსებით და მინუსებით, არაფერია იდეალური, მაგრამ ის, რაც იქაა – სწორედ ეს უსაფრთხო ცხოვრება, ადამიანის ღირსების პატივისცემა, ის, რაც ჩვენ გვინდა, ძალიან კარგად გრძნობთ რატომაცაა საჭირო ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ თქვენც შეძლოთ ან დაბრუნება, ან იმ ადგილიდან, სადაც იქნებით, ამ ცხოვრების ჩვენთან გაზიარება.
თავისუფლება რეალურად, სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს საშუალებას გვინდოდეს ევროპა. თქვენი ეს ,,ევროპული ხმა“ ასევე, იქნება მიტანილი ევროპამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.