„იცით, დღეს კლანური მმართველობა რაზე დგას? იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. აქ კლანს სულ რაღაც ერთი ხმით ნაკლები რომ ჰქონდეს, საკუთარ ინტერესებს ვერ გაიტანდა და ხელისუფლებასაც ვერაფერს შესთავაზებდა გასარიგებლად. ის ერთი წევრი კი, რომელიც დღეს საბჭოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ხმებს 2/3-მდე უვსებს, მოქმედმა პრეზიდენტმა დანიშნა, სულ რაღაც, 2 წლის წინ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს.
როგორც მენაბდე აღნიშნავს, დღეს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს მიმართ სკეპტიციზმს პირველ რიგში მართლმსაჯულების საკითხი განაპირობებს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვის კისერზეც ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხეა.
„დღეს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს მიმართ სკეპტიციზმს თუ რამე განაპირობებს, ეს, პირველ რიგში, მართლმსაჯულების საკითხია – კლანური მმართველობა. ხელისუფლებისა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ალიანსი, რამაც შესაძლებელი გახადა პოლიტიკური მართლმსაჯულება.
იცით, დღეს კლანური მმართველობა რაზე დგას? იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. აქ კლანს სულ რაღაც ერთი ხმით ნაკლები რომ ჰქონდეს, საკუთარ ინტერესებს ვერ გაიტანდა და ხელისუფლებასაც ვერაფერს შესთავაზებდა გასარიგებლად. ის ერთი წევრი კი, რომელიც დღეს საბჭოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ხმებს 2/3-მდე უვსებს, მოქმედმა პრეზიდენტმა დანიშნა, სულ რაღაც, 2 წლის წინ. ამიტომ ქვეყნის პირველი პირი ერთ-ერთია მათ შორის ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე“, – წერს ვახუშტი მენაბდე.
კონსტიტუციონალისტის შეფასებით, შესაძლოა პრეზიდენტს კარგი ვიზიტები აქვს, მაგრამ არ უნდა თქვას, რომ ყველაფერს აკეთებს.
„ნამდვილად კარგი ვიზიტები აქვს, როცა მთელი ქვეყანა სირცხვილის პირას ვიდექით პრემიერის განცხადების გამო, მან სწორი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ნუ გვეტყვის, რომ ყველაფერს აკეთებს, რადგან აჯობებდა, ყველაფერი გაეკეთებინა (თან როცა ეს ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული და არა ისე როგორც ახლა – მთავრობის თანხმობის გარეშე ნაბიჯის გადადგმის უფლება არ აქვს) და დღეს შეიძლება, ამ ვითარებაში არც ვყოფილიყავით.“– აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე.