LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს უჩივის: Foreign Policy

130
ფდგწე

საქართველოში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy ეხმიანება და ვრცელ სტატიას უძღვნის.

“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

სტატიის ავტორი ვრცლად მიმოიხილავს მოვლენებს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში განვითარდა და აღნიშნავს, რომ საქართველო “გაყოფილ სახლად” იქცა, სადაც ერთ მხარეს არის მმართველი პარტია, მეორე მხარეს კი ქვეყნის მოსახლეობა, რომლის პოზიციასაც იზიარებს თავად პრეზიდენტი.

სტატიის ავტორი იხსენებს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში და მოგვიანებით ხელისუფლების გამოხმაურებას:

“მეორე დღეს მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და ამტკიცებდა, რომ ის არღვევდა კონსტიტუციას არასანქცირებული მოგზაურობების გამო პარიზსა და ბრიუსელში.

მანამდე კი, სტატიის დასაწყისში ჟურნალისტი უკრაინაში რუსეთის ქმედებების გასაპროტესტებლად, რუსთაველის გამზირზე გამართულ მასშტაბურ აქციებს იხსენებს:

“როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ათასობით ქართველი თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვისთვის შეიკრიბა. ისინი აპროტესტებდნენ რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მოკვლას. ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წელს, რუსეთის შეჭრა საკუთარ ქვეყანაში.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - რას ედავება მმართველი გუნდი ზურაბიშვილს და რა შანსები აქვს გამარჯვების

„მმართველ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი არ ექნება, თუმცა იძულებული არიან პრეზიდენტს „კარგად განუმარტონ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმების შესახებ“.

მაგრამ საქართველოს მთავრობა, ევროპული ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის შეთავაზებაზე ყოყმანობდა, რამაც მომიტინგეების აღშფოთება გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა, უკრაინის სოლიდარობის აქციები ანტისამთავრობო აქციებად იქცა, რომელზეც პრემიერის გადადგომა მოითხოვეს”, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ასევე წერია, რომ 60 ქართველი მოხალისე ჯარისკაცის უკრაინაში გამგზავრებას ხელისუფლებამ ხელი შეუშალა.

ჟურნალისტი უკრაინის პრეზიდენტის მიმართვასაც იხსენებს – როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ “არის დრო, როდესაც მოქალაქეები არ წარმოადგენენ მთავრობას, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან”

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს არ იყო მხოლოდ ქართველი ხალხი და მათ პოზიციას მალე ქვეყნის პრეზიდენტიც შეუერთდება:

“28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: არავინ ელის ჩვენგან ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას, მაგრამ ჩვენგან ყველა სოლიდარობას ელის. ამიტომაც ვარ დღეს პარიზში და ხვალ ბრიუსელს ვესტუმრები, რომ უკრაინას სოლიდარობა გამოვუცხადო”.

სტატიის ავტორი ასევე იხსენებს სალომე ზურაბიშვილის მორიგ მიმართვას 4 მარტს, როდესაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დგას პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის გვერდით და რომ ქართველი ხალხის ღირსება ნიშნავს იმას, რომ ისინი მეგობრებთან ერთად დგანან მაშინ, როცა იბრძვიან თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის.

ჟურნალისტი 14 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას და მის მორიგ განცხადებას იხსენებს, სადაც ის ამბობს, რომ საზოგადოება ბევრად უფრო ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია ერთიანია.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე განცხადებას, სტატიის ავტორი წერს, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა.

მასალაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებებსაც შეხვდებით, მათ შორის გიგა ბოკერიას განცხადებებს, რომელიც ამბობს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მხრიდან სკანდალური ქმედებებისა და განცხადებების კასკადი იხილეს – დაწყებული პრემიერის აღმაშფოთებელი დუმილით რუსეთის აგრესიის დროს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის მხარდამჭერებისთვის, საქართველოს ეს პოზიცია არის რეალისტური მცდელობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტი სულ უფრო არაპროგნოზირებად რუსეთთან.