„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განაცხადებით, პარტია პრეზიდენტთან ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით კონსულტაციებზე მივა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელმაც უნდა დაუდოს საფუძველი, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, დიალოგი გავხსნათ.
ზაალ უდუმაშვილის თქმით,, მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობას“ საკუთარი წინადადებები ექნება.
„ჩვენ ამ მოლაპარაკებებზე ჩვენი წინადადებებით მივალთ, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან, დღეს სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ თუ დავიწყეთ რაღაც დათქმებით დიალოგზე მისვლა, ეს უკვე ნიშნავს დიალოგის ჩაშლას. ჩვენ გვაქვს შეხედულებები, როგორ უნდა დაიძლიოს ეს პოლიტიკური კრიზისი. მთავარი საკითხები არის, რომ უპირობოდ უნდა შეწყდეს ყველა იმ ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური დევნა, ასევე მედიასაშუალების მფლობელის, რომელიც დღეს იმყოფება პოლიტიკური დევნის ქვეშ, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, ეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი. ასევე ეხება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო სისტემის რეფორმას, ეს არის ჩვენი წინადადებები, რომლებიც იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალისთვის დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა.
„სიმბოლურად აქცია დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ეს იქნება აქცია, როგორიც ბევრჯერ გვინახავს, თუმცა იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი და მრავალრიცხოვანი. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ამ აქციის მთავარი მიზანია, დავანახოთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნილები და პატიმრები არსებობდნენ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.