LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა – დავით უსუფაშვილი

53

“მმართველმა გუნდმა უნდა ისარგებლოს კონსტიტუციური მექანიზმებით და გამოაცხადოს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობის ეპოქა დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით,” – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

უსუფაშვილი დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მმართველ გუნდზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოახდინოს ზემოქმედება და გაკეთდეს შესაბამისი განცხადება, მომავალ წელს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჩემთან დებატებს თავს არიდებს. ამიტომ, იძულებული ვარ, ბრიფინგით მივმართო და შევახსენო, რომ იგი თავისივე ნებით მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი გახდა და სრულად აგებს პასუხს ამ გუნდის მოქმედებაზეც თუ უმოქმედობაზეც. ქვეყანაში მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე. ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული, მაგრამ ვხედავთ, როგორ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი. პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს მმართველი გუნდის კონსტიტუციის ფარგლებში მოქცეული პოლიტიკური ინიციატივებით და არა „შავ პიარში“ შეჯიბრით ან „ნაცებს ჯერ კიდევ ვჯობივართ“ თვითდამშვიდებით,” – აცხადებს უსუფაშვილი.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა ისარგებლოს კონსტიტუციური მექანიზმებით და გამოაცხადოს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობის ეპოქა დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით.

“ამგვარი პოლიტიკური განაცხადით დღეს შესაძლებელია კრიზისის განმუხტვა. ხვალ შეიძლება ესეც აღარ აღმოჩნდეს საკმარისი. დღეს სახელისუფლებო პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს მმართველ გუნდზე ზემოქმედების ბერკეტები. არჩევნების შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მას ეს ბერკეტები აღარ ექნება. მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეძლოს ამის გაკეთება 28 ოქტომბრამდე და დაამტკიცოს, რომ მას „ოცნებასთან“ ალიანსი ქვეყნის სამსახურისთვის უნდოდა და არა თავისი გაპრეზიდენტებისთვის.

მე მას ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა. მე კოალიციის პოლიტსაბჭოს ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში მივმართე მოსაგვარებელი სისტემური პრობლემების ვრცელი ნუსხით და ბიძინა ივანიშვილის მხურვალე მხარდაჭერაც მივიღე ყველა პუნქტზე. მაგრამ ნელ-ნელა ყველა პრობლემა პრობლემად დარჩა და პრობლემაზე ყველა ხმის ამომღები ხელისუფლების მიღმა აღმოჩნდა,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.