„სამწუხაროდ მისგან კარგს უკვე აღარავინ ელოდება და აღარც მე. მე ის ადამიანი ვარ, ვინც მისი გაპრეზიდენტებისთვის არც მეტი არც ნაკლები ძალიან იწვალა. იყო დრო, როცა ვფიქრობდი, რომ სხვა არჩევანი არ იყო, რასაც ძალიან ვნანობ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.
ირმა ზავრადაშვილმა თქვა, რომ ის თავად იცავდა სალომე ზურაბიშვილს ომის პარტიის თავდასხმებისგან, ვის ნარატივსაც ახლა პრეზიდენტი მიჰყვება.
„საქართველოს ისტორიაში უამრავი ფაქტი არსებობს, როცა დედები საკუთარ შვილებს წირავდნენ სამშობლოს. ისეთი პრეცედენტი კი, რომ საკუთარი შვილების კარგ სამსახურს და კეთილდღეობას სამშობლოს სუვერენიტეტი შეეწირონ თითქმის არ მახსენდება. ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს იცავდა იმ ომის და რადიკალური პარტიის თავდასხმებისგან, ვისაც ის ახლა მხარში უდგას და მათ ნარატივს მიჰყვება“, – აცხადებს ირმა ზავრადაშვილი.
მმართველი გუნდის წევრი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დაკვეთებს ასრულებს, თუმცა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის, თუ გლობალური ომის პარტიის ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
„გავიმეორებ მამუკა მდინარაძის სიტყვებს და ვიტყვი, რომ ახია ჩვენზე. ის უნდა ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც მეტი არც ნაკლები რადიკალური ომის პარტიის ნარატივზე ზის და მათ დაკვეთებს ასრულებს. იმედს ვიტოვებ, ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელსაც ხალხი არ აპატიებს და არც თავად აპატიებს საკუთარ თავს“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებისთვის ემზადება. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ხვალ წარდგება. პარლამენტის სხდომაზე მიწვეულები არიან მთავრობის წევრები, დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ასევე, სასულიერო პირები.