პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანია იყო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმაგანაცხადა, საელჩოების წარმომადგენლებს მან იმ „აგრესიული საარჩევნო კამპანიის შესახებ“ აცნობა, რომელიც მის წინააღმდეგაა მიმართული.
„ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიაზე, როგორ ვითარდება თავისი უხამსი სიტყვებით და ძალიან აგრესიული ტონალობით. რაც გუშინ ვუთხარი ევროკავშირის ელჩებს – წარმოუდგენელია, რომ ზოგიერთი მედიაწარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს საარჩევნო კამპანიაში ჩაერიოს ასეთი აგრესიული ფორმით და ძალადობისა და მუქარის ტონით. ეს ყველაფერი მათთვისაც ძალიან გასაკვირია. ეს არამხოლოდ ევროპელებს გაუკვირდათ, მე მგონი, უკვირთ და წყინთ, რადგან საქართველოს არ აქვს ეს სურათი საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს, იმ შემთხვევაში როცა ეს არ არის პირდაპირ პარტიული არჩევნები და პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, მაინც ვაძლევთ ასეთ სურათს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.