LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საით წაიყვანს მეხუთე პრეზიდენტი ქვეყანას – ვინ არიან და საიდან მოდიან საპრეზიდენტო კანდიდატები

134

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება, მანამდე კი ქვეყანაში საარჩევნო პროცესისადმი მზადება დაიწყო და საზაფხულო სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდება. წინასაარჩევნო პროცესების გაშუქება უკვე დაწყებულია.
ევროატლანტიკური თუ ევრაზიული ინტეგრაცია? – როგორი იქნება მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასა თუ ბლოკს დაუჭერს მხარს ამომრჩეველი 28 ოქტომბრის არჩევნებში.
არჩევნებამდე თითქმის 2 თვე დარჩა. რადიო „ფორტუნა“ გაეცნო საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს.

 

შალვა ნათელაშვილი

როგორც ყოველთვის, შალვა ნათელაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. საქართველოს ლეიბორისტული პარტია უკვე მერამდენე არჩევნებია სრულიად უშედეგოდ იბრძვის.
შალვა ნათელაშვილი 1992 და 1995 წლებში აირჩიეს პარლამენტის წევრად. ამ პერიოდში ის საქართველოს ახალი კონსტიტუციის შემქმნელთა ჯგუფში იყო. 1995 წელს მან ჩამოაყალიბა ლეიბორისტული პარტია, რომელიც თანდათან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად გარდაიქმნა. ნათელაშვილის მტკიცებით:

„ედუარდ შევარდნაძემ და მისმა პროტეჟეებმა – მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ – მას პარლამენტში მოსვლის საშუალება არ მისცეს 1999 წელს არჩევნების გაყალბების გზით.“

ლეიბორისტული პარტიის უდიდესი წარმატება დღემდე 2002 წლის არჩევნებში გამარჯვება იყო, სადაც ნათელაშვილის პარტიამ თბილისის საქალაქო საკრებულოში ადგილების უმრავლესობა მიიღო. თუმცა ნათელაშვილმა მოულოდნელად საკრებულოს თავმჯდომარეობა… მიხეილ სააკაშვილს დაუთმო.

2007 წლის სექტემბერში ნათელაშვილის პარტია კოალიციაში შევიდა ცხრა სხვა ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ატარებდა, თუმცა 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ნათელაშვილმა ღიად განაცხადა საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შესახებ, რითაც ასევე გამოეთიშა ოპოზიციურ კოალიციას, რომელმაც ერთობლივ კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა. მოგვიანებით ნათელაშვილმა კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ ვერცერთი მანდატი ვერ მოიპოვა. მომდევნო წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ნათელაშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა. 2014 წელს ბატონმა შალვამ პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა.

ფაქტია, რომ საქართველოს ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, არ ნებდებიან და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებენ მონაწილეობას.

 

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძემ მრავალი წელი გაატარა პოლიტიკაში, უმრავლესობაში, თუმცა მანამდე 1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2008 -2012 წლებში გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2012 წლიდან იყო პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით. ბოლო დიდი ცვლილება 2017 წლის იანვარში ჰქონდა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

„ევროპული საქართველოს“ გუნდი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს მოკავშირეები და მეგობრები დასავლეთში. წარსულშიც და მომავალშიც, პოლიტიკურ მოკავშირეებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მით უფრო, რომ საქართველო ჯერ კიდევ რჩება რუსეთისგან საფრთხის რისკის ქვეშ. გუნდში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაცია და ნატო არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ბაქრაძე ამომრჩეველს უფრო მეტად ზოგად ფასეულობებზე ესაუბრება, კონკრეტული დაპირებები ჯერ არ გაუცია. ფაქტია, რომ არჩევნებამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა, ამომრჩეველი კი კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება საპრეზიდენტრო კანდიდატებისგან.

 

დავით უსუფაშვილი

„ვმონაწილეობ საპრეზიდენტო არჩევნებში, გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა 1 აგვისტოს და ისიც დაამატა, რომ შეთავაზება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისგან მიიღო. თუმცა მანამდე გრძელი პოლიტიკური გზა გამოიარა.

დავით უსუფაშვილი – „რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი, 2012-2016 წლებში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. იმ დროს მისი პარტია კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” შემადგენლობაში შედიოდა.
კოალიცია „ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საბოლოოდ დაიშალა და „რესპუბლიკურმა პარტიამ”, ისევე, როგორც კოალიციის დანარჩენმა ყოფილმა წევრებმა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. უსუფაშვილის პარტიამ ვერ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა და, შესაბამისად, პარლამენტში მოხვედრა.
არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უსუფაშვილმა და მისმა მეუღლემ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია” დატოვეს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით:

„პოლიტიკური მოძრაობის ამოცანაა ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ევროატლანტიკურ თანამშრომლობას დაეფუძნება“.

ფაქტია, „თავისუფალი დემოკრატები“ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერენ მხარს და ისინი კონკრეტულ დაპირებებს ჯერჯერობით არ აძლევენ ამომრჩეველს, თუმცაღა საზოგადოების აზრით, დავით უსუფაშვილი ყველაზე გაწონასწორებული და საიმედო პოლიტიკოსია.

 

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში. ამომრჩეველი სიხარულით შეხვდა მას როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, თუმცა მალევე შესაძლოა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მედიას არაკორექტულად მიმართა და მოუწოდა „ცოტა ტვინი გაანძრიეთ“-ო. მსგავსი ფრაზებით არათუ საპრეზიდენტო კანდიდატი, არც ერთი პოლიტიკოსი არ უნდა საუბრობდეს.

სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ სფეროში საქმიანობდა საზღვრებს გარეთ, თუმცა 2004-2005 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. თანამდებობის დატოვების შემდეგ მალევე ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“, რომლის ლიდერი თავად გახლდათ. პოლიტიკიდან ისევ დიპლომატიაში, ოღონდ დროებით, სალომე ზურაბიშვილმა 2010 წელს გადაინაცვლა. მაშინ მან ქართულ მედიას ამცნო, რომ ირანის საკითხებზე მომუშავე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებდა.

2013 წელს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის (ის საფრანგეთის მოქალაქეც არის) გამო, საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკომ მაშინ უარი უთხრა. საქმე სასამართლოში გაგრძელდა, თუმცა ზურაბიშვილმა პროცესი წააგო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად იღებს მონაწილეობას. დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის, ასეთი პასუხი აქვთ:

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო რამდენიმე კვირიანი პაუზა. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ამავე დროს ვაკვირდებით იმასაც, თუ რომელი კანდიდატი დარეგისტრირდება და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას.“

თუ ამომრჩეველი ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს და ის გაიმარჯვებს, ქ-ნ სალომე გახდება პირველი ქალი პრეზიდენტი და ეს იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანას ქალი ხელმძღვანელი ეყოლება (ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება ის ფაქტი, რომ ნინო ბურჯანაძე დროებით და მცირე ხნით ორჯერ – 2003 და 2007 წლებში – ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას).

 

გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატია, მაგრამ აქცენტი თავიდანვე იმაზე გაკეთდა, რომ ბატონი ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ათმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა. თუმცა არსებობს თუ არა ეს ათი პოლიტიკური პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა რეალურად, ეს საკითხავია.

გრიგოლ ვაშაძე დიპლომატი და პოლიტიკოსია. 2008 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად, ხოლო პოსტის დატოვების შემდეგ გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (2008-2012 წლებში). 2017 წლიდან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია, და წელს, 2018 წლის საპრეზიდეტნო არჩევნების კანდიდატი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტები მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს. მათი აზრით, შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობა, როდესაც მათ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვთ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ნატო საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია.

 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – ამ სახელით საარჩევნო ბიულეტენზე კანდიდატს ვერ ნახავთ, ხოლო როგორც ზურაბ ჯაფარიძე – უკვე შესაძლებელია. ახალგაზრდებისთვის ყველაზე არაორდინალური საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც საზოგადოებას თავი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დაამახსოვრა. თუმცა პირველ ეტაპზე ცნობადობა მაინც რელიგიური ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების“ დაფუძნებით მოიპოვა, რომლის მიხედვით წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება: ახალგაზრდებს მღვდელმსახურის სტატუსს აძლევენ და შესაბამისად ხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დროებით გათავისუფლება.

„გირჩმა“ კონკრეტული საარჩევნო დაპირებები უკვე გასცა. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში „გირჩმა“ შეძლო ქვეყნის შეცვლა რამდენიმე მიმართულებით და მიაღწია მეტ თავისუფლებას, მათ შორის, ახალგაზრდები საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ვეღარ მიჰყავთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში და კანაფის მოხმარებისთვის სახელმწიფო ადამიანებს ციხეში ვეღარ ჩასვამს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია და ბევრს სფეროზე გავლენას ვერ ახდენს, პრეზიდენტს შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება.

„როგორც თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს. სრულად გავაუქმებ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს და ეს იქნება პირდაპირ პრეზიდენტის კომპეტენცია. შეწყალების უფლების გამოყენებით შევიწყალებ ყველას, ვისაც სასჯელი აქვს დაკისრებული ნარკოდანაშაულისთვის, სანამ ხელისუფლება არ დათანხმდება ადამიანურ ნარკოპოლიტიკას“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ვეტოს უფლებით გააჩერებს თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონს, პირადად მიიღებს მონაწილეობას პარლამენტში მათ განხილვაში და თვეში ერთხელ შეხვდება ყველა მინისტრს იმის გასარკვევად, თუ რაში ხარჯავენ ხალხის ფულს.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.
ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები.
ამასთან, 2018 წელს პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

ნუცა სალუქვაძე