LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადღეგრძელოები“ შინაარსიანი გამოსვლის წინააღმდეგ – როგორ აფასებენ საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია პრეზიდენტის მოხსენებას

316
სალომე, ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები

დღეს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდა. მის განცხადებებში მოვისმინეთ, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის კრიტიკა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე.

ამასთან, ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, სასწრაფოდ შეიქმნას ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნეს შერჩეული. ზურაბიშვილის თქმით, ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნეს შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება.

პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

 

რა თქვეს პრეზიდენტის მოხსენებაზე მმართველ გუნდში

 

„ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტი პირველ რიგში იმის გამო გააკრიტიკეს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასანოვთან ერთად გამოჩნდა. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ მოგვიანებით ამის საპასუხოდ თქვა, უკრაინის წარმომადგენლის გაუფრთხილებლად პარლამენტში შეყვანა უპატივცემულობაა.

მდინარაძის შეფასებით, გაუფრთხილებლად სხდომათა დარბაზში დიპლომატთან ერთად მისვლა, ინსტიტუციის უპატივცემულობაა.

სხვა მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მდინარაძემ ისიც თქვა, რომ ამის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მმართველი მხრიდან არ დადგება.

თუმცა, სხვაგვარი შეფასება ჰქონდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ მისი საქმიანი ვიზიტების შესახებ ბრიუსელსა და პარიზში, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა თავად თქვა, რომ სწორედ მთავრობამ უთხრა უარი, ინფორმაციას „მოიძიებნენ, გაერკვევიან“ და ზომებს შემდეგ მიიღებდნენ.

კობახიძემ ისიც თქვა, რომ „თუ ეს ასეა და დიდი ალბათობით ასეა, მაშინ პრეზიდენტს კონსტიტუცია დაურღვევია.“

“ეს თუ მართალია, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით” – კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე ევროპაში ვიზიტებზე უარის თქმის შესახებ

„ქართულ ოცნების“ დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის, განცხადებით კი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი კონსტიტუციაზე მაღლა ვერ იქნება.

 

ოპოზიციის შეფასება პრეზიდენტის გზავნილებზე

 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, განცხადებები გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრში. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პრეზიდენტის მოხსენება ობიექტურ გამოსვლად შეაფასა, ნაწილმა კი, ზურაბიშვილის სიტყვას „სადღეგრძელოები“ უწოდა და წარსულში გაკეთებული განცხადებები შეახსენა.

მაგალითად, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ყველას ერთად ქალბატონმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაუწერა და ამას იმსახურებდნენ კიდევაც.

როგორც უსუფაშვილმა დეპუტატებს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ უთხრა, რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ და აღიარონ, რომ ამას იმსახურებდნენ. მისი თქმით, ამასთანავე, უსუფაშვილმა ისიც თქვა, რომ პრეზიდენტმა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალიც აჩვენა.

„არ მგონია, ჩვენ გვჭირდებოდა ვინმეს მიერ შეხსენება, რომ ასეთ ვითარებაში, საგანგებო ვითარებაში, ოკუპაციის, ომის საფრთხის პირობებში გვმართებს ერთიანობა და არა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც.“ – თქვა დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ კი პრეზიდენტს სოციალური ქსელით უპასუხა და დაწერა, რომ „კარგი იქნებოდა „ოდნავ ზევით“ მყოფი პრეზიდენტის ნაცვლად, გვეხილა თვითკრიტიკული ლიდერი, რომელიც ელემენტარულს ასხვავებს – ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის ტოლობის ნიშანს არავინ, არასდროს სვამს.“

ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ კი სალომე ზურაბიშვილს, მოხსენება დაუწუნა და თქვა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ მომავალზე ფიქრობს და სადღეგრძელოებს ამბობს.

13 რამ რაც პრეზიდენტის გამოსვლიდან დაგვამახსოვრდა – რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში

მისი შეფასებით, „დღეს, ჩვენ ვუსმენდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს, სხვა პლანეტიდან იყოს, ყველაფერზე მაღლა დგას და არ არის აქაური პოლიტიკური პროცესების ნაწილი – საკუთარ დანაშაულსა ან შეცდომაზე არაფერს იძახის.“ ბოკერიას თქმით, პრეზიდენტისგან აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ.

„თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს ადამიანი, რომელიც ახლა პოლარიზაციას გმობს, ყველა რომ დამნაშავეა საკუთარი თავის გარდა, თვითონ იყო ის, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, დავით გარეჯის სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი ავტორი იყო.

„სისხლიანი ბანერებით“ და მოსყიდვით ვინ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად? ეს არის ის ადამიანი. საკუთარ დანაშაულსა ან შეცდომაზე არაფერს იძახის.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„საქართველოს პრეზიდენტის აქცენტები იყო დროული და აუცილებელი, მან ობიექტურად შეაფასა ყველას როლი დღევანდელ კრიზისში და თქვა ყველაზე მთავარი, რომ ახლა არ არის დრო, ერთმანეთთან კინკლაობით ვიყოთ დაკავებული“, – ამის შესახებ კი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დასავლურ სამყაროს ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ერთიანობა უნდა აჩვენონ.

„პრეზიდენტს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. მისი აქცენტები დროული და აუცილებელი იყო როგორც მმართველი პარტიის და ხელისუფლების მიმართ, ისე ოპოზიციის მისამართით. რაც მთავარია, ეს გამოსვლა ობიექტური იყო.

მან ობიექტურად შეაფასა ყველას როლი დღევანდელ კრიზისში და თქვა ყველაზე მთავარი, რომ ახლა არ არის დრო, ერთმანეთთან კინკლაობით ვიყოთ დაკავებული. ახლა არის დრო, რომ მთელ დასავლურ სამყაროს, ევროპას, ევროკავშირს, სადაც ჩვენ მივისწრაფვით ვაჩვენოთ, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, ამ შემთხვევაში ერთნი ვართ. ყველა ჩვენგანის არჩევანია.“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყოფილმა პრემიერმა და ამჟამად, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ კი პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა.

 

საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები

 

თავად უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასანოვმა კი განაცხადა, რომ მადლობელია ქართველი ხალხის და საქართველოსი მათი სოლიდარობისთვის, ამ რთულ დროს მხარდაჭერისთვის.

როგორც კასანოვმა აღნიშნა, ქართველი ხალხი ყოველდღიურად ავლენს საკუთარ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი.

„ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო მეგობრებო, დღეს მსურს, ვთქვა, რომ უკრაინა მადლობელია ქართველი ხალხის და საქართველოსი მათი სოლიდარობისთვის, მათი მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის უკრაინის მტკიცე მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი.

ქართველი ხალხი ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენ, უკრაინელები, ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ყველა უკრაინელი, რომელიც ჩამოდის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გრძნობს ამ მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.

 

 

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მეტი სანქცია და სანქციები ყველასგან.

„მტერი განაგრძობს მკვლელობებს. მტერი აგრძელებს ომის დანაშაულებების ჩადენას ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჩვენი შვილების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაცია ამჟამად იზოლაციაშია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან მტერი განაგრძობს მკვლელობას უდანაშაულო ხალხის, უკრაინის მშვიდობიანი ხალხის და ბავშვების.

სანქციები არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სანქციები, ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველასგან. მსურს, მკაფიოდ ვთქვა, ჩვენ გვჭირდება მეტი სანქცია ყველასგან, გამონაკლისების გარეშე.

თუ მსოფლიო ჩვენ დღეს არ დაგვეხმარება, მტერი მივა სხვებთანაც. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ახსოვს და არასოდეს დაივიწყებს ქართველების ტკივილს, ქართველ ლტოლვილებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შინაარსიანი და მნიშვნელოვანი იყო.

ჰარცელის განცხადებით, ის ელის, რა სახის დისკუსია და გამოხმაურება მოჰყვება მის ამ განცხადებებს.

„პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იყო ორივე – შინაარსიანიც და მნიშვნელოვანიც. ველი, რა რეაქცია მოჰყვება ამას და რა სახის დისკუსია დაიწყება საქართველოში მომავალ დღეებში.“– განაცხადა კარლ ჰარცელმა.

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას დღეს ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები. საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სასულიერო პირები.