LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემაა – ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით: ზურაბიშვილი

68
Untitled design (1)

“პოლიციას ევალება, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები. ამ ურთულესი მისიის შესრულებაში პოლიციას სახელმწიფო და საზოგადოება უნდა ეხმარებოდეს.” – პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა პოლიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან თითოეულ პოლიციელს პროფესიული დღე მიულოცა, საქართველოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  ქართული პოლიციით ამაყობს:

“დღეს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევის პროცესში, იქნება ეს კოვიდპანდემიასთან და ბუნებრივ სტიქიასთან ბრძოლა, მართლწესრიგის დაცვა ან პოლიტიკურად თუ სოციალურად მოტივირებული საპროტესტო აქციების მშვიდობიანად და უსაფრთხოდ წარმართვა, პოლიცია მუდამ წინა ხაზზე დგას. ყველაზე მეტად სწორედ პოლიციას ევალება, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები. ამ ურთულესი მისიის შესრულებაში პოლიციას უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო და საზოგადოება.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი ნორმების მიღება, რომლებიც პოლიციას მისცემს შესაძლებლობას, ეფექტურად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები და მოქალაქეების უფლებები. საზოგადოების ვალია, პატივი სცეს პოლიციას და ამით, თავადაც შეუწყოს ხელი პოლიციის საქმინობის წარმატებით განხორციელებას. სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არ არსებობს. ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით.” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა დღესვე ღირსების მედლით სამი პოლიციელი ქალი დააჯილდოვა. მან პრეზიდენტის ჯილდო ოჯახში და ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პოლიციელებს – ეკა ბუწკირიძეს, ანი ნაცარაშვილსა და გვანცა გოგავას გადასცა:

“მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ღირსების მედლით ვაჯილდოვებ სამ ახალგაზრდა პოლიციელს, ახალგაზრდა ქალს, ეკა ბუწკირიძეს, ანი ნაცარაშვილსა და გვანცა გოგავას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ოჯახში და ასევე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვისურვებ, რომ თქვენნაირი ძალიან ბევრი პროფესიონალი კიდევ გაიზარდოს და ემსახუროს ხვალ ქართულ პოლიციას და ქართულ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სამსახურისთვის. ვამაყობ ქართული პოლიციით.” – აღიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. ამ დრისადმი მიძღვნილი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან 11 საათზე დაიწყო.