სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე, გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება.
ძალიან უხერხულად ჟღერს ექსპრეზიდენტისგან… – პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილს პასუხობს
სააკაშვილი მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის – რომ საბუთები, რომლებიც მისი და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას დაადასტურებდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოპარულია:
“მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის – რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.
ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის.
გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს 18 თებერვალს ღია წერილით მიმართა, მოხსნას გრიფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ.
ამ მოწოდების საპასუხოდ, გუშინ ღია წერილი გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ აღნიშნა, თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია, რადგან ამ დოკუმენტებზე წვდომა, სწორედ მთავრობის ადმინისტრაციას აქვს.