პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან მის მიერ საჯარო სივრცეში გამოთქმული შეფასებებისა და განცხადების გამო გაათავისუფლა.
როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხატია მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად გააფრთხილეს პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
“მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მისმიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება”, – აცხადებს პრეზიდნტის ადმინსიტაცია.
მოისწრაფიშვილი მოუწოდებს ადმინისტრაციის თანამშრომლებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ - ხატია მოისწრაფიშვილი
ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო, თუმცა, როგორც “ფორტუნას” თავად მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ის შეთავაზებას არ დათანხმდა და პრეზიდენტთან მუშაობას არ გააგრძელებს.
პრეზიდენტის ოფიციალური განცხადებიდან მალევე, ხატია მოისწრაფიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ დამატებითი კომენტარებისგან თავს მოქალაქეობრივი და პროფესიული ეთიკის გამო იკავებს.
“რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის,” – წერს მოისწრაფიშვილი.