ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობაზე, ასევე ფემიციდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქვეყნისთვის სირცხვილია, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრა სკოლებიდან დაიწყოს.
„ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი ანუ ქალთა მკვლელობა, ეს არის პირდაპირ სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს.
ეს არის, ალბათ, მთავარი გამოწვევა, რომ ჩვენ შევძლოთ და დავძლიოთ ეს მძიმე სურათი. ეს ყველას საქმეა და თქვენც ხართ ბრძოლის ფრონტზე. ვისურვებ, რომ ამ დარბაზში მეტი კაცი დამენახოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ქალების საქმე, ეს საზოგადოების საქმეა, ეს იწყება სკოლიდან და მე არ ვიცი, რამდენად სწორად მუშაობს ჩვენი განათლების სისტემა ამ მიმართულებით, რომ პირველივე წლებიდან ვასწავლოთ ის, რაც არის და იყო ჩვენთვის ინსტინქტური – ქალის მიმართ პატივისცემა და ოჯახის მიმართ პატივისცემა, რაშიც შედის ბავშვები და აღზრდის ფორმები და მეთოდები. მგონი, რომ ამას უნდა მივხედოთ პირველ რიგში, რადგან იქიდან იწყება ყველაფერი. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ბევრი გამოწვევაა და ძალადობა ბუნებრივიც გახდა, რადგან ყოველდღიურად და ყოველ წამს ვართ ზეწოლის ქვეშ. სტრესი არის ყველგან გავრცელებული, ცხადია ეს გადადის ოჯახზე და ვლინდება სასტიკ მოვლენებში. ეს არის ჩვენი საზოგადოების, მედიის პასუხისმგებლობა, რომ ის, რაც ესწავლება ბავშვებს და უნდა ესწავლებოდეს ჯერ ოჯახში, შემდეგ სკოლაში, მერე მედიაშიც დაინახონ, მოუსმინონ ფსიქოლოგებს. ხშირად გვიყვარს ვთქვათ, რომ სახელმწიფოს და ხელისუფლების გასაკეთებელია, არის მათი გასაკეთებელი ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც მთავარია ჩვენი ინდივიდუალური გასაკეთებელი და ადამიანების მოქალაქეობრივი აღზრდა არის ჩვენი ყველასი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.