LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე სამი მოსამართლის განსხვავებული მოსაზრება გამოქვეყნდა 

134
ing (2)

16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს.

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს 

ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მოსაზრებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციური ინტერესის იმაზე მეტად ხელყოფას იწვევს, ვიდრე ამას წარდგინების ავტორების მიერ მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს.

„3 მოსამართლის წინააღმდეგობამ გამოავლინა, რომ სისტემას სერიოზული კოროზია შეეპარა“ – ხუხაშვილი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე 

საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ: 

„1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისადმი – პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის №3/1/1797 დასკვნასთან დაკავშირებით.

2. მივიჩნევთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა. თითოეულ ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციას.

საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, კონსტიტუციური მანდატი

3. ჩვენი კოლეგების მიერ არსებითად არასწორად მოხდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სახელისუფლებო მოწყობის სისტემაში პრეზიდენტის კონსტიტუციური როლისა და დანიშნულების ანალიზი. კერძოდ, დასკვნის სამოტივაციო ნაწილის 24-ე–33-ე პარაგრაფები მიმოიხილავს პრეზიდენტის სტატუსს და შემოიფარგლება იმაზე მითითებით, რა უფლებამოსილებები არ გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს. ბუნებრივია, ვიზიარებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, არ ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ წარმართავს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ა.შ., თუმცა აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად გამორიცხავს საგარეო ურთიერთობების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის მოქმედების შესაძლებლობას და, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსიდან გამომდინარე, არ ანიჭებს მას გარკვეულ როლსა და ფუნქციას. ჩვენი კოლეგების პოზიციიდან არ იკვეთება, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის როლი. დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას.

4. საქართველოს პრეზიდენტის, ისევე, როგორც ყველა სხვა კონსტიტუციური ორგანოს როლი გააზრებული და განმარტებული უნდა იქნეს კონსტიტუციის მთლიანი არქიტექტონიკის, მისი ერთიანი სულისკვეთებისა და ღირებულებების მხედველობაში მიღებით. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააჩნია უმთავრესად ცერემონიული, თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მანდატი. უპირველეს ყოვლისა, იგი განასახიერებს კონსტიტუციური ხელისუფლების მთლიანობის იდეას, რაც, ასევე ასახვას პოვებს მის ფუნქციებსა და კომპეტენციებში. საქართველოს პრეზიდენტი სიმბოლურად აერთიანებს კონსტიტუციური მოწყობის ფარგლებში (შეკავება-გაწონასწორების პრინციპის მიხედვით) დანაწევრებულ (საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო) სახელმწიფო ხელისუფლებას. პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს ერთიანობის გარანტის, კონსტიტუციური ფუნქცია აძლიერებს ხელისუფლების მოქმედების ლეგიტიმურობას, სძენს რა მას მორალურ და ინსტიტუციურ ავტორიტეტს.

5. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურისა და სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტების ერთმანეთისგან გამიჯვნა ემსახურება მიზანს, სიმბოლურად იყოს განცალკევებული პარტიულ საწყისებზე დაფუძნებული მთავრობა და ბუნებით პოლიტიკურად მიუკერძოებელი სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი. როგორც ერის უპარტიო ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი უნდა ასახავდეს და გამოხატავდეს ხალხის საერთო მორალურ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალია ყოველდღიური პოლიტიკური თუ ვიწროდ პარტიული დღის წესრიგისგან, მას შეუძლია, რომ შეასრულოს „ერის სინდისის“ ფუნქცია, რაც, მათ შორის, გულისხმობს პოლიტიკური პროცესისგან დავიწყებულთათვის საუბარს, და, შედეგად, საზოგადოების ინკლუზიურობის ხელშეწყობას.

6. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტისათვის მინიჭებული როლი უნიკალურია. პოლიტიკური ჯგუფების (სახელისუფლებო ან ოპოზიციური) საქმიანობა ყოველთვის დატვირთული და ნაკარნახევია გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელიც შესაძლოა, ატარებდეს ერთი ან რამდენიმე ჯგუფის განსხვავებულ ინტერესს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, საერთო ეროვნული პოზიცია გააჟღეროს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

7. არსებითად არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკურად მიუკერძოებელ, და ამავე დროს, ფორმალურად უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელსაც კონსტიტუცია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის როლს ანიჭებს, იმავდროულად აქვს ვალდებულება, იმოქმედოს და ხელი შეუწყოს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევას. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ფუნქცია უნდა განახორციელოს სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციებში შეჭრის გარეშე.

8. საქართველოს კონსტიტუცია, სხვა ქვეყნების კონსტიტუციების მსგავსად, ზოგადი ხასიათის დოკუმენტია. იგი, ხშირ შემთხვევებში, არ განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონკრეტულ ინსტრუმენტებს და, სანაცვლოდ, შემოიფარგლება ზოგადი დებულებებით მათი სტატუსის, უფლებამოსილების არსისა და ფარგლების შესახებ. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა არის „აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო“. უდავოა, რომ ხსენებული დებულებით კონსტიტუცია, ერთი მხრივ, განამტკიცებს მთავრობის სტატუსს, მეორე მხრივ კი, ადგენს მის ზოგად უფლებამოსილებას, საკანონმდებლო ბოჭვის ფარგლებში მართოს ქვეყანა. კონსტიტუციის არცერთი სხვა დებულება არ მიუთითებს, საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ზოგად უფლებამოსილებაზე ან/და ამ უფლებამოსილების კანონით/ორგანული კანონით განსაზღვრის შესაძლებლობაზე. თუმცა, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების/მმართველობითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა.

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური დებულებით ამა თუ იმ ორგანოს სტატუსის განსაზღვრა, თავისთავად, არ გამორიცხავს იმავე დებულების გარკვეული უფლებამოსილების წყაროდ მიჩნევას. კონსტიტუციური ორგანოების მიერ ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელება შესაძლოა, ბუნებრივად, განუყოფელი იყოს მათი სტატუსისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციურ ორგანოს მის სტატუსთან არსებითად დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა, სტატუსის არსებობა საერთოდ აზრს დაკარგავს, რაც კონსტიტუციური ინსტიტუტის გაუქმების ტოლფასი და კონსტიტუციის არასათანადო განმარტების ტიპური ნიმუში იქნებოდა.

10. მაგალითად, კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მითითებული და არც საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება, თუმცა, ბუნებრივია, პრეზიდენტს აქვს უფლება, შეხვდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, დაესწროს საზეიმო ღონისძიებებს, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების შესახებ საზოგადოებრივ დისკუსიას, საერთო ეროვნულ ღირებულებებთან მიმართებით საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას და ა.შ.. უდავოა, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენების, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოაწყოს საზეიმო ღონისძიებები. ბუნებრივია, იგი არ არის შეზღუდული აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა და უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტი ასევე უფლებამოსილია, პოპულარიზაცია გაუწიოს საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე იდეებს და უზრუნველყოს მათი წინა პლანზე წამოწევა, მათ შორის, საქართველოს პარტნიორებამდე სხვადასხვა ფორმით მიტანა. მსგავსი საქმიანობა წარმოადგენს მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიული როლის, ფუნქციის განუყოფელ ნაწილს და მისი განხორციელების აუცილებელ კომპონენტს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის გაწერილი სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიული საქმიანობის ჩამონათვალი, ეჭვგარეშეა, რომ ზემოხსენებული აქტივობების განხორციელების უფლებამოსილება უშუალოდ მომდინარეობს პრეზიდენტის კონსტიტუციური მანდატიდან.

2. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზანი და დანიშნულება

11. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში“. საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულება, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კონსტიტუციური ორგანოების მიერ ხელისუფლების განხორციელების ლეგიტიმაციას, ხოლო, მეორე მხრივ, კრძალავს მათ მიერ უფლებამოსილების გარეშე მოქმედებას. იმავდროულად, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებები, როგორც წესი, განსაზღვრულია კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებით. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლით განსაზღვრულ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ზოგად უფლებამოსილებასთან ერთად, კონსტიტუცია ცალკე მიუთითებს მთავრობის უფლებამოსილებებზე საბიუჯეტო სფეროში (იხ., საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლი), თავდაცვის სფეროში (იხ., საქართველოს კონსტიტუციის 70-ე, 72-ე და 73-ე მუხლები) და ა.შ.. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულება ქმნის უფლებამოსილებათა კატალოგს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს თითოეული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო. გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების დამდგენი დებულება შეიძლება დაირღვეს იმ შემთხვევაში, თუ ის ამ უფლებამოსილებას კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. იმ შემთხვევაში კი, თუ სახელმწიფო ორგანო/თანამდებობის პირი იმოქმედებს უფლებამოსილების გარეშე, შეიძლება ადგილი ჰქონდეს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას.

12. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. აღნიშნული კონსტიტუციურ დებულების მიზანია დაადგინოს ის კომპეტენციები, რომელთა განხორციელებაც შეუძლია/ევალება საქართველოს პრეზიდენტს. ამავე დროს, ხსენებული მუხლი თავადვე მიუთითებს, რომ უფლებამოსილებათა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და საქართველოს პრეზიდენტი „ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“ (საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი). ამდენად, აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი არ კრძალავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამავე მუხლის სფეროს გარეთ მოქცეული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ქმედება კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან წინააღმდეგობაში შეიძლება მოვიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოიყენა მინიჭებული უფლებამოსილება. ხოლო თუ პრეზიდენტის ქმედება საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის რეგულირების სფეროს მიღმაა, მაშინ უფლებამოსილება უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციის სხვა დებულებიდან ან დაირღვევა კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი.

13. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, …“. კონსტიტუციის ამ დებულების შესაბამისად, არსებითად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილებით აღჭურავს საქართველოს პრეზიდენტს, განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საქართველოს სახელით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დანაწესი შეეხება ისეთ საქმიანობას, რომელიც, თავისი არსით, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა.

14. ზემოხსენებულთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. როგორც უკვე აღინიშნა, ხსენებული დანაწესი, ერთი მხრივ, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის სტატუსს, და, მეორე მხრივ, აღჭურავს მას აღმასრულებელი ხელისუფლების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების კომპეტენციით. საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც მართავს ქვეყანას, საქართველოს პარლამენტის პირდაპირი ან ნაგულისხმევი თანხმობით იღებს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე. შესაბამისად, სწორედ საქართველოს მთავრობის, როგორც ქვეყნის მმართველობითი ღონისძიებების აღმასრულებელი ორგანოს, ფუნქციის ჭრილში უნდა განიმარტოს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოხსენიებული „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების“ არსი და ფუნქცია. იმავდროულად, მიგვაჩნია, რომ ხსენებული დებულება მოიცავს ისეთ საქმიანობას, რომელიც იქნებოდა საქართველოს მთავრობის განსახორციელებელი, რომ არა მისგან უფლებამოსილების საქართველოს პრეზიდენტზე გადანდობა.

15. შესაბამისად, ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმაა, რომელიც მას შესაძლებლობას ანიჭებს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, განახორციელოს კონკრეტული, მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული ქმედებები. თავის მხრივ, ამ პირობებში, საქართველოს მთავრობის თანხმობით/უფლებამოსილებით აღჭურვილი საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა როგორც ცერემონიული ლიდერი, არამედ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო სამართალში. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღიჭურვება უფლებამოსილებებით, რომელიც, თავისი არსით, აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას, ქვეყნის მართვას გულისხმობს. ამ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, განახორციელოს საერთაშორისოსამართლებრივად რელევანტური ქმედებები, აწარმოოს მოლაპარაკებები, გააფორმოს ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები, გამოხატოს საერთაშორისოსამართლებრივად რელევანტური ნება ქვეყნის მიერ გარკვეული ვალდებულებების აღების შესახებ და ა.შ..

16. იმავდროულად, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულება საერთოდ არ შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიულ საქმიანობას. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოქმედების ლეგიტიმაციის წყარო საქართველოს მთავრობაა. პრეზიდენტის ცერემონიული საქმიანობის მიზანს კი პარტიული პოლიტიკისგან (რომელთანაც მთავრობა თავისთავად ასოცირდება) ნეიტრალური საქმიანობა წარმოადგენს, რიგ საკითხებზე საერთო ეროვნული თანხმობის მისაღწევად ან სხვა საერთო ეროვნული ამოცანების გადაჭრის ხელშესაწყობად. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის არსებობის მიზნისა და არსის საწინააღმდეგო იქნებოდა მის ხსენებულ როლთან დაკავშირებული საქმიანობის საქართველოს მთავრობის თანხმობით წარმართვა.

17. მნიშვნელოვნად გვესახება ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის რიგ ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს, რომელთა განხორციელება შეიძლება, მათ შორის, მოითხოვდეს საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობას. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, გადასაწყვეტი ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, რისთვისაც დასჭირდეს უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირებისგან ინფორმაციის მიღება ან/და მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრის მოსმენა. შესაძლებელია ისიც, რომ მისი ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების, კანონზე ვეტოს დადების პროცესში, მისთვის მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრების მოსმენა და გაანალიზება. აღნიშნულ შემთხვევებში, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს დასჭირდეს საერთაშორისო აქტორებთან სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მისი ასეთი ქმედების განხორციელება არ მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მთავრობის თანხმობას.

18. ზემოხსენებული ნორმების ერთობლივი განმარტებისა და მათი თანაფუნქციონირების მიზნის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ჩვენმა კოლეგებმა არსებითად არასწორად განმარტეს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში არსებული მთავრობის თანხმობის ინსტიტუტის არსი და დანიშნულება. ვთვლით, რომ დასახელებული კონსტიტუციური ნორმის მიზანია, გარკვეულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის იმ უფლებამოსილების მინიჭების შესაძლებლობის განსაზღვრა, რომელიც მას თავისთავად არ გააჩნია. საპირისპიროდ, მითითებული ნორმის მიზანი არ არის რაიმე სახის აკრძალვის დაწესება საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარალელური საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებით. ამგვარი მსჯელობის მართებულობაზე მიუთითებს როგორც საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ტექსტი (იგი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და არა აკრძალვას), ასევე თავად საქართველოს კონსტიტუციის სტრუქტურა. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებებს, ხელისუფლების განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებისა და ამა თუ იმ კონსტიტუციური ორგანოს მიერ სხვა ორგანოს კომპეტენციების მიმართ პატივისცემის ვალდებულებას. ამ კონტექსტში, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა (იხ., საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლი), ხოლო ის, თუ რა ვალდებულებებს უდგენს ხსენებული დანაწესი სხვა სახელმწიფო ორგანოებს, გამომდინარეობს თავად საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კონსტიტუციას სურს კონკრეტული შეზღუდვის დაწესება, პირდაპირ უთითებს ამგვარ შეზღუდვაზე, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პარტიის წევრობას (იხ., საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

19. განმარტება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის რანგში სხვა ქვეყნის პრეზიდენტთან ნებისმიერი, მათ შორის, არა სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებებთან დაკავშირებული, არამედ ცერემონიული ხასიათის (ან ისეთი, რომელიც უკავშირდება ექსკლუზიური კომპეტენციის ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას) შეხვედრა, საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას საჭიროებს, უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულების მიზანს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედების ან/და კონსტიტუციის სხვაგვარი დარღვევის პრევენციის მექანიზმებს, საქართველოს კონსტიტუცია, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიღმა, ადგენს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ჩვენი კოლეგების მიერ შემოთავაზებული განმარტება, პრაქტიკულად, იწვევს საქართველოს პრეზიდენტის იმ ქმედებების შეზღუდვას, რომლებიც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკას არ ხელყოფს, თუმცა გარკვეული მოსაზრებების გამო (მაგალითად, პრეზიდენტისადმი მთავრობის ნდობის დაკარგვა ან/და უბრალოდ პრეზიდენტის მიმართ უარყოფითი პიროვნული დამოკიდებულების არსებობა) საქართველოს მთავრობისთვის არ არის მისაღები.

20. პოტენციურად, საქართველოს პრეზიდენტის ან სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედების, ან/და კონსტიტუციის თუ კანონის სხვა დებულების დარღვევის საფრთხე მუდმივად არსებობს. თუმცა, საქართველოს კონსტიტუცია პოტენციური დარღვევის პრევენციისათვის ადგენს დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს და არა ქცევის თავისუფლების წინასწარ შეზღუდვებს.

21. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კოლეგები, ისევე, როგორც წარდგინების ავტორები მიუთითებენ საპარლამენტო რესპუბლიკაში, პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, საგარეო ურთიერთობებში ნებისმიერი ოფიციალური შეხვედრის/ორმხრივი კომუნიკაციის მთავრობის თანხმობით განხორციელების პრაქტიკაზე. 2017 წლის კონსტიტუციური ცვლილებების განმარტებითი ბარათიც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 თავის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს „უფლებამოსილებების გადასინჯვას ევროპული საპარლამენტო დემოკრატიების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“.[1] თუმცა, საქმის განხილვისას ვერც წარდგინების ავტორებმა დაასახელეს და არც ჩვენი კოლეგების პოზიციიდან იკვეთება, რომ ნებისმიერი ოფიციალური ვიზიტის/ორმხრივი კომუნიკაციის განხორციელებაზე მთავრობის წინასწარი თანხმობის ფორმალურ მოთხოვნას ადგენს რომელიმე ევროპული ქვეყნის კონსტიტუცია ან/და აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს რომელიმე ევროპული სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის დამკვიდრებული პრაქტიკიდან. ხსენებული ბუნებრივიც არის, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული დემოკრატიების მსგავსად, უზრუნველყოფს უფლებამოსილებების გამიჯვნას, საგარეო ურთიერთობებში კოორდინაციის ვალდებულებას და არა პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებული ცერემონიული (ან მის ექსკლუზიურ კომპეტენციასთან დაკავშირებული) საქმიანობისათვის მთავრობის წინასწარი თანხმობის მოთხოვნას.

22. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზანი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების საქართველოს პრეზიდენტზე დელეგირების შესაძლებლობის დადგენით ამოიწურება. საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ვიზიტის განხორციელებით საქართველოს კონსტიტუცია შეიძლება დაარღვიოს იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სცდება მის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ ფუნქციებს (შესაძლოა, დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი) ან/და აზიანებს საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას (შესაძლოა, დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციასთან შესაბამისობის მსჯელობის წარმართვისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ ფორმალურად თანხმობის არარსებობა-არსებობის ფაქტი, არამედ, თავად ვიზიტის შინაარსიდან გამომდინარე უნდა შეეფასებინა, სადავოდ მიჩნეული ქმედებებით საქართველოს პრეზიდენტი ხომ არ გასცდა სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ როლს ან/და ხომ არ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება.

3. საქართველოს მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ფუნქცია

23. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. საგარეო პოლიტიკის განხორციელება გულისხმობს სხვა სახელმწიფოებთან/საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას საგარეო სფეროში ეროვნული მიზნების მისაღწევად. საგარეო პოლიტიკა კომპლექსური დისციპლინაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მრავალი, ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესის უზრუნველყოფას. თავის მხრივ, ამგვარი ინტერესები მოიცავს სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობასთან, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა.

24. იმავდროულად, ბუნებრივია, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელება არ მოიცავს მხოლოდ იმ ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ ხორციელდება, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ყველა ღონისძიებას არ გააჩნია საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციის მიზანი. მაგალითად, „C“ ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების შესყიდვის მიზნით ქვეყნის გარეთ გამართული მოლაპარაკების მიზანი საშინაო პოლიტიკური ხასიათისაა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. ამავე დროს, შეუძლებლად გვესახება საშინაო და საგარეო პოლიტიკის ღონისძიებების ამომწურავად დეფინიცირება, ისევე, როგორც საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებას შორის მკაცრი მიჯნის გავლება. ცალკეულ შემთხვევებში, რიგ ღონისძიებებს შეიძლება, გააჩნდეს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის პოტენციალი. მსგავსად, ბუნებრივია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფოს შიგნით გატარებულ რეფორმებს გააჩნია როგორც საშინაო პოლიტიკური (დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ა.შ.), ასევე საგარეო პოლიტიკური მიზნები (მაგ., ევროკავშირში ინტეგრაცია). ამდენად, იმის შესაფასებლად, რამდენად განეკუთვნება ესა თუ ის ღონისძიება საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტს, არსებითია არა მისი განხორციელების ადგილი, არამედ მიზანი და გავლენა ქვეყნის საგარეო პოზიციონირებაზე.

25. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელება და საგარეო/საერთაშორისო ურთიერთობები არ წარმოადგენს იდენტურ მოცემულობებს. თავად საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ცალ-ცალკე დისციპლინად მოიხსენიებს და მათ განიხილავს, როგორც საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ ორ განსხვავებულ საკითხს. ამდენად, იკვეთება ცხადი კონსტიტუციური ნების არსებობა, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო ურთიერთობების გარკვეული ასპექტები საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროს მიღმა მოიაზრება.

26. მიგვაჩნია, რომ, კონსტიტუციურსამართლებრივი თვალსაზრისით, საგარეო ურთიერთობები ფარავს ფაქტობრივად ყველა ურთიერთობას, რომელსაც სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ნათელ მაგალითად გამოდგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ სხვადასხვა კონფერენციასა თუ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა, რომელთა მიზანი საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებაში ხელშესაწყობად ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების გაზიარებაა. მსგავსი შეხვედრების დანიშნულება და რეალური შედეგი არ არის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა და, შესაბამისად, როგორც წესი, ვერ ჩაითვლება საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტად.

27. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ერთადერთ ორგანოს, რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. ხსენებულის ნათელ მტკიცებულებას თავად საქართველოს კონსტიტუცია გვაძლევს, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა, ახორციელებს მონეტარულ პოლიტიკას (იხ., საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის პირველი პუნქტი), რაც, ბუნებრივია, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია. საქართველოს პროკურატურა, რომელიც ასევე დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა (იხ., საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის პირველი პუნქტი), არსებითად წარმართავს სისხლის სამართლის პოლიტიკას და ა.შ.. ამდენად, აშკარაა, რომ, როგორც მინიმუმ, საშინაო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, საქართველოს მთავრობასთან ერთად, საქართველოს კონსტიტუცია უშვებს სხვა სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობის შესაძლებლობას და გამოკვეთს აღნიშნული კონსტიტუციური ორგანოების მნიშვნელოვან როლს.

28. საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტი, ასევე შეიძლება გახდეს ღონისძიებები, რომლებიც მთავრობის კომპეტენციის მიღმა რჩება. მაგალითად, რიგ შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოსთან ურთიერთობამ შეიძლება, მოითხოვოს მსჯავრდებულთა გაცვლა, რისთვისაც საჭირო გახდეს მათი შეწყალება (როდესაც სახეზე არაა პირის ექსტრადიციის საფუძვლები), რაც საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამდენად, საგარეო პოლიტიკის წარმართვისას საქართველოს მთავრობას შეიძლება დასჭირდეს პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ჩართვა, რამაც, ასევე შეიძლება წარმოშვას საქართველოს პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებთან კომუნიკაციის საჭიროება.

29. ამდენად, ცხადია, რომ სახელმწიფო ორგანოების მოქმედება, რომელიც რაიმე ფორმით საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს, თავისთავად, საქართველოს მთავრობის კომპეტენციას არ არღვევს. საგარეო ურთიერთობებში სახელისუფლებო ორგანოების მოქმედება არსებითად დაკავშირებულია მათ ზოგად კონსტიტუციურ კომპეტენციებთან. ბუნებრივია, მოქმედებები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოსამართლებრივი ვალდებულებების აღებას ისახავს მიზნად ან/და სხვა ფორმით იწვევს ქვეყნის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას, უნდა განხორციელდეს აღმასრულებელი ორგანოს/მისი წარმომადგენლის მიერ. თუმცა, ბუნებრივად ალოგიკური და ნაკლებშედეგიანი იქნება მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საგარეო ურთიერთობების ეროვნული ბანკის ჩართულობის გარეშე წარმართვა. ამავე დროს, არაგონივრულია, სახელმწიფოს მეთაურს საერთო ეროვნული გზავნილების, მისწრაფებების საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარსადგენად საქართველოს მთავრობის ფორმალური თანხმობა მოეთხოვოს. სახელმწიფოს მეთაურის, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი საქართველოს წარმომადგენლის ინსტიტუტის შექმნით, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს გარკვეული გზავნილების პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილიაციის გარეშე გავრცელებას. იმ შემთხვევაში, თუ ყოველ ჯერზე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციის დასაფიქსირებლად საქართველოს პრეზიდენტს დასჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა, მაშინ ხსენებული პოზიცია მუდმივად აღიქმება, როგორც საქართველოს მთავრობის მოსაზრება (მაშინაც კი, როდესაც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ურჩევნია, პოზიცია საქართველოს პრეზიდენტმა გაახმოვანოს). ხსენებული ქმედების განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობის ფორმალური თანხმობის მოთხოვნა ფუნქციას შეუცვლის და, ფაქტობრივად, აზრს დაუკარგავს საქართველოს პრეზიდენტის, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი სახელმწიფოს მეთაურის, ქმედებას.

30. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა არ არის ერთადერთი ორგანო, რომლის ქმედებები შეიძლება უკავშირდებოდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. თუმცა, ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა, შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში, იგი წარმოადგენს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ხელისუფალს. საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განსაზღვროს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგია, სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად აირჩიოს განხორციელების გზები, რომლებიც შესაძლოა, საკუთარ თავში, მოიაზრებდეს რიგ სახელმწიფოებთან აქტიურ თანამშრომლობას ან თანამშრომლობაზე უარის თქმას. საქართველოს მთავრობა ყველაზე მეტად არის ინფორმირებული იმ უპირატესობებისა თუ სისუსტეების შესახებ, რომელიც სახელმწიფოს შეიძლება გააჩნდეს ამა თუ იმ საგარეო ურთიერთობაში. შესაბამისად, იგი ყველაზე კომპეტენტურია, განსაზღვროს, გამოიყენებს დათმობის თუ მოთხოვნის პოლიტიკას. ამავე დროს, ბუნებრივია, საგარეო ურთიერთობების განხორციელებისას ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტი, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, ვალდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის წარმართვაში და თავისი მოქმედებებით არ დააზიანოს ის საგარეო პოლიტიკური მიზნები, რომელთა მიღწევასაც ამა თუ იმ სტრატეგიის გათვალისწინებით ისახავს მთავრობა.

4. საქართველოს პრეზიდენტის სადავო ვიზიტების კონსტიტუციასთან შესაბამისობა

31. აღვნიშნავთ, რომ არსებითად ვიზიარებთ ჩვენი კოლეგების მიერ დასკვნის სამოტივაციო ნაწილის 50-ე-52-ე პარაგრაფებში განვითარებულ მსჯელობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის როლთან და პრეზიდენტის მიერ ამა თუ იმ ვიზიტის გამართვასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დასკვნაში სწორად მიუთითებს, რომ „… კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების მოდელი, ცხადია, პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისას, მათ შორის, თავისი საჯარო განცხადებებით, პოზიციით, ოფიციალური თუ ცერემონიული შეხვედრებისა და მიღებების დროს, გავლენა მოახდინოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, მაგრამ მხოლოდ იმ დათქმით, რომ იგი არ უნდა შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციებში და არ უნდა ცდილობდეს პარალელური საგარეო პოლიტიკის გატარებას პრაქტიკაში“ (იხ., დასკვნის სამოტივაციო ნაწილის 50-ე პარაგრაფი). ასევე ვიზიარებთ კოლეგების პოზიციას, რომ საგარეო ურთიერთობებში „… პრეზიდენტი უნდა ცდილობდეს, იმოქმედოს პოლიტიკური წინდახედულებით, რათა მისი პოლიტიკური განცხადებები მთავრობასთან იყოს კოორდინაციაში და არ იყოს აღქმული მთავრობის პოზიციისაგან განსხვავებულად. პრეზიდენტმა თავისი უზურპაციული თუ ექსცესიური მოქმედებით არ უნდა შეარყიოს საქართველოს მთავრობის კომპეტენცია საგარეო ურთიერთობათა განხორციელების სფეროში და ფუნქციათა დანაწილების კონსტიტუციური წესრიგი“ (იხ., დასკვნის სამოტივაციო ნაწილის 52-ე პარაგრაფი). ასევე, ვეთანხმებით, დასკვნაში აღნიშნულ პოზიციას, რომ „ვინაიდან მთავრობაა საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი, საჭიროა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი მთავრობის მიერ დაგეგმილი გზით, განსაზღვრული სტრატეგიითა და ტაქტიკით მიმდინარეობდეს. პრეზიდენტმა მთავრობას ხელი არ უნდა შეუშალოს, საგარეო ურთიერთობები თავისი შეხედულებისამებრ განახორციელოს, და ეს მთავრობის უწყებრივი ინტერესი კი არ არის, არამედ კონსტიტუციური წესრიგის დაცვის ინტერესია, რომ მთავრობა საგარეო ურთიერთობებში წარმოდგენილი იქნეს ადეკვატურად. … პრეზიდენტის მხრიდან მთავრობასთან შეუთანხმებელი ინიციატივების განხორციელებას, თვითშემოქმედებას, არასათანადო გზავნილებს და, მით უფრო, იმგვარ ქმედებებს, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება მთავრობის ხედვას, შეუძლია მნიშვნელოვნად დააზარალოს საგარეო პოლიტიკის განხორციელება მთავრობის მიერ დაგეგმილი გზითა და ფორმით, შექმნას ქაოსური ვითარება, გააბუნდოვანოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ადეკვატურად აღქმა საქართველოს პარტნიორებში, ხელი შეუწყოს პოლიტიკის ერთიანობის რღვევას და დააზარალოს მიმდინარე პროცესები საგარეო პოლიტიკის სფეროში. ამიტომაც არსებობს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შეთანხმებისა და ეფექტიანი კოორდინაციის საჭიროება, აუცილებლობა და ვალდებულება“ (იხ., დასკვნის სამოტივაციო ნაწილის 51-ე პარაგრაფი).

32. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ჩვენი კოლეგები არსებითად სწორად განმარტავენ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განაწილების ბალანსს, როდესაც მიუთითებენ საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიულ როლზე, ხოლო საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი ფუნქციით აღჭურვილ ორგანოდ მოიაზრებენ. ასევე ვიზიარებთ მსჯელობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის გარეთ განხორციელებული ქმედებებით შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა. თუმცა, არც წარდგინების ავტორები და არც ჩვენი კოლეგები არ მიუთითებენ, რომ სადავო ვიზიტებით ან/და მის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებებით საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ფორმით დააზიანა, ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას.

33. სადავო ვიზიტებთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. ამავე დროს, საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაახმოვანა გზავნილები, რომლებიც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოა ან/და ისაუბრა საკითხებზე, რომლებიც რამენაირად გასცდა მის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიულ როლს, ან/და განახორციელა ისეთი ქმედება, რომელმაც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დააზიანა.

34. განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის საუბრის შინაარსთან დაკავშირებით ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა, არის თავად საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების განმარტება. აღნიშნული განმარტების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საუბრობდა იმ „სასაუბროების“ შესაბამისად, რომელიც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მიწოდებული აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. არც საქართველოს მთავრობა და არც კონსტიტუციური წარდგინების ავტორები არ მიუთითებენ, რომ მათ არ სურდათ რომელიმე გზავნილის შეხვედრის ადრესატამდე მიტანა ან/და ზოგადად, რომელიმე შეხვედრა იყო თუ არა საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით მთავრობის შერჩეული სტრატეგიის საწინააღმდეგო.

35. ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ. უფრო მეტიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არც კი მიუთითებენ, რომ ხსენებულმა სამმა ვიზიტმა ან მის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა რომელიმე ქმედებამ საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესი დააზიანა ან/და განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო იყო. საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები მიუთითებდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული სხვა ვიზიტების შესაძლო უარყოფითი პოლიტიკური შედეგების შესახებ, რომელიც იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი არ გამხდარა. თუმცა, კონკრეტულად სადავო სამ ვიზიტთან მიმართებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოს კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ვინაიდან არ იცნობენ საუბრის შინაარსს, ვერ მიუთითებენ, რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებმა.

36. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაზიანდა. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიცემა, ფაქტობრივად, იმ მოტივით ხდება, რომ მან შეიძლება მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას შეუშალოს ხელი. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს უქმნის პოლიტიკურ ხედვებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის დარღვევის მოტივით, შესაძლოა, გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან „არ ენდობიან“ მას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არ ითვალისწინებს ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის გამო. იმპიჩმენტის ინიციატორებმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეაგირება უნდა მოახდინონ უკვე მომხდარ ფაქტებზე და საქართველოს პრეზიდენტის ქმედება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შეაფასონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გასცდება უფლებამოსილების ფარგლებს, უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას ხელყოფს მთავრობის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციას, ან/და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვა ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად არ გამოკვეთილა რომელიმე ზემოხსენებული შემთხვევის არსებობა.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ სადავო ვიზიტების განხორციელებით საქართველოს პრეზიდენტი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს ან/და საკუთარი მოქმედებით ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედების დადგენის საფუძველს.

5. „კონსტიტუციის დარღვევის“ მნიშვნელობა საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისათვის

38. როგორც უკვე აღინიშნა, განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, წინამდებარე სამ სადავო შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დგინდება. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ პრეზიდენტის მიერ საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტის მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელება წარმოადგენს ქმედების საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის თვითკმარ საფუძველს, მან ასევე უნდა შეამოწმოს, რამდენად აღწევს დარღვევა სერიოზულობის იმ ხარისხს, რაც იმპიჩმენტის მიზნებისათვის „კონსტიტუციის დარღვევად“ ჩაითვლება და, მაშასადამე, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს შექმნის. წინამდებარე თავი სწორედ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების ვარგისი საფუძვლის მსაზღვრელი კრიტერიუმების ანალიზს დაეთმობა.

39. უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანხმობას გასცემს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე, შესაბამისად, მან უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი. ამ ფონზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციის არასწორი გაგების შედეგია ჩვენი კოლეგების პოზიცია, რომლის თანახმადაც, „… საკონსტიტუციო სასამართლო ცალსახად და მკაფიოდ აღნიშნავს, რომ მისი როლი არ არის იმის შეფასება, იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურების შემთხვევაში, იმსახურებს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირი, შესაბამისი დარღვევის (კონსტიტუციის დარღვევის ან/და მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის) გამო თანამდებობიდან გადაყენებას, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში გადაწყვეტს საქართველოს პარლამენტი შესაბამისი პოლიტიკური მოსაზრებების მიხედვით …“ (იხ., დასკვნის სამოტივაციო ნაწილის პირველი პარაგრაფი).ხსენებული განმარტება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი ფუნქციის განხორციელებაზე უარის თქმას. კოლეგები, ერთი მხრივ, მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის ნებისმიერი მოთხოვნის დამრღვევი საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობის გადაყენებას არ იმსახურებს (წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, შეაფასოს, იმსახურებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებას), მეორე მხრივ, კი საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, უარს აცხადებს უპასუხოს კითხვას, არსებობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი, რაც მის წინაშე დასმულ ერთადერთ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს.

40. ხსენებული მიდგომით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ შეფასებას უქვემდებარებს საკითხს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის, ცალსახად, სამართლებრივია. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სამართლებრივი ზემოქმედების ფორმას წარმოადგენს, იგი მხოლოდ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის ან/და კანონმდებლობის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს. სხვაგვარად, კითხვაზე – იმსახურებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებას, პასუხი უნდა გასცეს საკონსტიტუციო სასამართლომ, სამართლებრივი ანალიზის შედეგად და არა საქართველოს პარლამენტმა – პოლიტიკური მიზანშეწონილობით.

41. ამავე დროს, იმ დაშვების პირობებშიც კი, რომ საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე არ ჰქონდა სადავო ვიზიტების განხორციელების უფლებამოსილება, ვთვლით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი არ არსებობს.

42. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საქართველოს კონსტიტუციით დასაშვები ფარგლების ანალიზი უნდა განხორციელდეს პრეზიდენტის სტატუსის, ფუნქციისა და თავად ამ ინსტიტუტის შინაარსის/დანიშნულების გათვალისწინებით. ხსენებული ფაქტორები ერთობლივად განაპირობებს პრეზიდენტის უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელების მყარი კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტიების შექმნის აუცილებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიმართ მოქმედი უფლების დაცვის კონსტიტუციური სტანდარტები შეიძლება გამომდინარეობდეს მისი კონსტიტუციური სტატუსიდან. ამასთან, მაღალი კონსტიტუციური სტანდარტის აუცილებლობა შეიძლება განსახორციელებელი საქმიანობის თავისებურებას უკავშირდებოდეს, რამდენადაც განსაზღვრული ტიპის სახელმწიფო თანამდებობა, მისი შინაარსით და დანიშნულებით განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დასმული საკითხის მართებულად გადაწყვეტა მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებული კონსტიტუციური გარანტიების შინაარსის, დანიშნულებისა და მიზანმიმართულების შეფასებას.

43. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულება წარმოუდგენელია საქართველოს პრეზიდენტის დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის სათანადო კონსტიტუციური გარანტიების არსებობის გარეშე, რომელთა ნაწილია უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისგან დაცვა. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ კონსტიტუციის და კანონის დარღვევაზე რეაგირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფორმაა, რითაც, ერთი მხრივ, საფრთხე ექმნება ისეთ საყოველთაო სიკეთეს, როგორიც ამ ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებაა, ხოლო, მეორე მხრივ, ილახება უშუალოდ პრეზიდენტის ინტერესები – შეძლოს თანამდებობრივი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელება და არ მოხდეს მისი საქმიანობიდან დაუსაბუთებლად ჩამოშორება.

44. ამავდროულად, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მოხდა საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების გზით, 6 წლის ვადით. შესაბამისად, ამგვარი პირის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენება წარმოადგენს ამომრჩეველთა ნების (არჩევანის) უარყოფას/უგულებელყოფას. დემოკრატიის პრინციპის მოთხოვნა ვერ იქნება გაგებული, როგორც მხოლოდ სამართლიანი არჩევნების ჩატარების ვალდებულება. ამგვარი არჩევნების ჩატარება აზრს დაკარგავს, თუკი არ მოხდება ამომრჩეველთა მიერ გამოვლენილი ნების დაცვა, არჩეული პირის სათანადო კონსტიტუციური გარანტიებით აღჭურვა, რაც ასევე დემოკრატიის ბუნებრივ გაგრძელებასა და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თანამდებობის პირთა საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.

45. მაშასადამე, სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მაღალი კონსტიტუციური სტატუსი, მისი ლეგიტიმაციის საფუძველი განაპირობებს თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების, დაუსაბუთებლად გადაყენებისაგან დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია. თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა“. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ამომწურავად განსაზღვრავს იმ ორ შემთხვევას („კონსტიტუციის დარღვევა“ ან/და „ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა“), როდესაც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენებაა დასაშვები. დამატებით, საქართველოს კონსტიტუცია expressis verbis გამორიცხავს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას იმპიჩმენტის პროცესის გარეშე (იხ., საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

46. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების სპეციალურ რეჟიმს, რაც ემსახურება მისი მარტოოდენ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ანდა უსაფუძვლოდ თანამდებობიდან გადაყენების პრევენციას და ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის კონსტიტუციურსამართლებრივ წესრიგში. ამავე დროს, ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს მონაწილეობის ერთადერთი ფუნქცია სწორედ ისაა, რომ გამორიცხოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ბუნებრივია, იმპიჩმენტის მიზნებისთვის არარელევანტურია საქართველოს კონსტიტუციის ან/და კანონმდებლობის იმგვარი დარღვევები, რომლებიც პირის თანამდებობის გადაყენების საფუძვლად არ გამოდგება.

47. იმპიჩმენტი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, რომლის მიზანსაც ხელისუფლებიდან იმ პირის ჩამოშორება წარმოადგენს, რომელიც საკუთარი ქმედებებით საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს, ღირებულებებს, კონსტიტუციით აღიარებულ წესრიგს, მის არქიტექტურას. სწორედ ამგვარი ღირებულებითი წესრიგისადმი საფრთხის შექმნა წარმოშობს ობიექტურ აუცილებლობას, რომ ამა თუ იმ თანამდებობის პირმა განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეწყვიტოს საქმიანობა. იმავდროულად, აღნიშნული მექანიზმი კონსტიტუციური წესრიგის დაცვასა და კონსტიტუციური ორგანოებისადმი ნდობის შენარჩუნებასაც ემსახურება. იმპიჩმენტის მექანიზმი საკანონმდებლო ორგანოს ანიჭებს შესაძლებლობას, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი მაშინ, როდესაც მისი დარღვევა დგინდება არა პოლიტიკური შეფასების შედეგად, არამედ დასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნით. ამდენად, იმპიჩმენტის წესით პირის თანამდებობიდან გადაყენება, თავისი არსით, საგამონაკლისო მექანიზმია, რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს სათანადოდ დასაბუთებული აუცილებლობისას და განსაკუთრებული სიფრთხილით.

48. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმპიჩმენტის საფუძველი, კერძოდ, ამავე მუხლში მოხსენიებულ თანამდებობის პირთა მიერ „კონსტიტუციის დარღვევა“, რაც მათი თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, იმპიჩმენტის მიზნების/დანიშნულების შესაბამისად უნდა განიმარტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა, თვითმყოფადი შინაარსი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). როგორც აღინიშნა, იმპიჩმენტის პროცედურის მიზანს წარმოადგენს ხელისუფლებიდან იმ პირის ჩამოშორება, რომელიც საკუთარი ქმედებებით საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს, რის გამოც არსებობს ობიექტური აუცილებლობა, რომ მან აღარ შეასრულოს კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციები. შესაბამისად, თანამდებობის პირების მხრიდან „კონსტიტუციის დარღვევაში“ მოაზრებულია სწორედ კონსტიტუციის იმგვარი დარღვევები, რომლებიც ზემოხსენებულ საფრთხეებს წარმოშობს/უკავშირდება.

49. იმპიჩმენტის პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სამართლებრივი კრიტერიუმებით შეაფასოს, საქართველოს კონსტიტუციის რომელი დებულება დაირღვა, გააანალიზოს, მათ შორის, დარღვევის ხასიათი, ინტენსივობა, მისგან გამოწვეული შედეგი, თანამდებობის პირის ბრალეულობის ხარისხი, იმ სამართლებრივ სიკეთეთა ურთიერთმიმართება, რაც შესაძლოა დაზიანდეს იმპიჩმენტის შედეგად და რის დაცვასაც ისახავს მიზნად იმპიჩმენტის პროცესი. სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს დასაშვებია თუ არა პირის თანამდებობიდან გადაყენება. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს და აფასებს არა მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ კონსტიტუციის ფორმალურად დარღვევის ფაქტს, არამედ იმ გარემოებასაც, დარღვევა, თავისი მნიშვნელობით, რამდენად აღწევს იმ ხარისხს, რომ იმპიჩმენტის მიზნებისათვის ჩაითვალოს „კონსტიტუციის დარღვევად“ და, შესაბამისად, პირის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლად.

50. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს კონსტიტუციური ორგანოების მიერ ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევის რისკებს. მეტიც, სწორედ ამ თავისთავადი საფრთხეებისგან დასაცავად არსებობს საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო – საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის დაცვას, კონსტიტუციის პრაქტიკული ქმედითობის უზრუნველყოფას ემსახურება. საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა ვერ იქნება მის (კონსტიტუციის) ნებისმიერ დარღვევას ავტომატურად ან პოლიტიკური ნების კარნახით მოყვეს ამა თუ იმ კონსტიტუციური ორგანოს/თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების პროცესში ამოწმებს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის/მთავრობის წევრის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოების/თანამდებობის პირის მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს და, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, არაკონსტიტუციურად ცნობს მათ. ასეთ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო/თანამდებობის პირი გასცდა მოქმედების საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებს. საქართველოს პარლამენტი/მთავრობა ან სხვა ორგანო/თანამდებობის პირი, ამ თვალსაზრისით, არაერთხელ ყოფილა საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი სუბიექტი. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეიძლება დაადგინოს, რომ თანამდებობის პირის ქმედება განხორციელებულია უფლებამოსილების გარეშე ან/და გამოიწვია სხვა კონსტიტუციური ორგანოს კომპეტენციის ხელყოფა. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან/და განხორციელებული ქმედების არაკონსტიტუციურად ცნობა, არ უნდა იქნეს განხილული მისი გამომცემის/ქმედების განმახორციელებელი პირის იმპიჩმენტის თვითკმარ, ავტომატურ საფუძვლად. საპირისპიროდ, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ნებისმიერი ფაქტის იმპიჩმენტის თავისთავად საკმარის საფუძვლად განხილვა მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნიდა კონსტიტუციური ორგანოების ჯეროვან ფუნქციონირებას.

51. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იმპიჩმენტის საფუძველი – თანამდებობის პირის მიერ „კონსტიტუციის დარღვევა“, მოიაზრებს არა საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნებისმიერი აქტის გამოცემას ან/და ქმედების განხორციელებას, არამედ მხოლოდ ისეთის, რომლის შედეგადაც კონსტიტუციური ინტერესების მიმართ დამდგარი ზიანი ან/და კონკრეტული თანამდებობის პირის ბრალეულობის ხარისხი მისი თანამდებობიდან გადაყენების საჭიროებაზე მიუთითებს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით უნდა დადგენილიყო არა მხოლოდ ქმედების საქართველოს კონსტიტუციასთან ფორმალური წინააღმდეგობის ფაქტი, არამედ, ასევე უნდა შეფასებულიყო, შეიძლებოდა თუ არა არსებული დარღვევა საფუძვლად დადებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას.

52. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური ტერმინების ავტონომიური შინაარსით წაკითხვა სასამართლოს მრავალწლიანი დამკვიდრებული პრაქტიკაა. დასკვნის ავტორებმა მოცემულ შემთხვევაში არ გაითვალისწინეს კონსტიტუციური ტერმინების ამგვარი ავტონომიური შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობა. მაშინ, როდესაც სასამართლომ სხვა საქმეში, რომელიც განსახილველის მსგავსად, ასევე კონსტიტუციური თანამდებობის პირის – საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ეხებოდა, კონსტიტუციური ტერმინები განმარტა თვითმყოფადი შინაარსით. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად განსაზღვრული პირის „დამნაშავედ ცნობის“ შინაარსი და მიუთითა, რომ დანაშაულის ცნებას კონსტიტუციის მიზნებისთვის გააჩნდა ავტონომიური მნიშვნელობა და არ იყო დამოკიდებული იმ ფაქტზე, ჩაითვლებოდა თუ არა დანაშაულად ესა თუ ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და განმარტა, რომ სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული) თავისი ხასიათით, სიმძიმითა და მისგან მომდინარე რისკებით განეკუთვნებოდა იმგვარ ქმედებას, რომლის ჩადენაც სხვა დანაშაულთა უმრავლესობაზე მეტად აჩენდა კითხვებს პირის პარლამენტის წევრის სტატუსთან შესაბამისობის შესახებ. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ის ქმედება, რომლის ჩადენაშიც მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად მოაზრებულ დანაშაულს წარმოადგენდა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20-23). აღნიშნულისაგან განსხვავებით და, შესაბამისად, დადგენილ პრაქტიკასთან არათანმიმდევრულად, წინამდებარე საქმეში დასკვნის ავტორი მოსამართლეების მიერ კონსტიტუცია წაკითხულ და განმარტებულ იქნა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, თავად იმპიჩმენტის ინსტიტუტის მიზნებისა და დანიშნულების გაუთვალისწინებლად. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გადაყენებისგან დაცვის ის გარანტიებიც კი არ განესაზღვრა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გააჩნია. სხვაგვარად, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება შესაძლებელია ნებისმიერი, თუნდაც მცირე მნიშვნელობის დანაშაულის ჩადენის ან/და კონსტიტუციის ფორმალური დარღვევისათვის, მაშინ, როდესაც თუ იგივე ქმედება საქართველოს პარლამენტის წევრის მიერაა ჩადენილი (და თან სასამართლოს განაჩენითაა დადასტურებული), საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, რამდენად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან პარლამენტის წევრის მიერ საქმიანობის გაგრძელება. საქართველოს კონსტიტუციის დებულებების ამგვარი, არასისტემური და შინაარსგამოცლილი წაკითხვა აკნინებს არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს როლს, არამედ სათანადო სამართლებრივი დაცვის, გარანტიების გარეშე ტოვებს იმპიჩმენტის პროცედურას დაქვემდებარებულ პირს.

53. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად ჩამოშორების რისკებს ვერ აზღვევს საბოლოო გადაწყვეტილების საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების ფაქტი. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების დაცვის სასამართლო გარანტია, სწორედ იმპიჩმენტს დაქვემდებარებული პირის საქართველოს პარლამენტისგან დაცვის გარანტიაა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი, საკითხის გადაწყვეტისას, არ არის შებოჭილი რაიმე სამართლებრივი კრიტერიუმებით, მას არც მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება მოეთხოვება და არც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტური საფუძვლების გაგებაა შესაძლებელი. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, როგორც წესი, პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ეფუძნება. აღნიშნული კი ქმნის პირის თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივებით გადაყენების რისკებს, მაშინ, როდესაც, იმ კონსტიტუციური სიკეთეების დაცვის, რის უზრუნველყოფასაც იმპიჩმენტი ისახავს მიზნად, არათუ აუცილებლობა, არამედ მინიმალური საჭიროებაც კი არ არსებობს.

54. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ დასკვნის ავტორებს უნდა შეეფასებინათ მათ მიერ დადგენილი კონსტიტუციის დარღვევის სიმძიმე და გადაეწყვიტათ, ჩადენილი ქმედება, იმპიჩმენტის მიზნებისთვის, წარმოადგენდა თუ არა „კონსტიტუციის დარღვევას“ და, შედეგად, არსებობდა თუ არა მაღალი კონსტიტუციური სტატუსის მქონე პირის თანამდებობიდან გადაყენების წინაპირობა.

55. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური წარდგინების ავტორები (ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი), საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, სადავო ვიზიტების განხორციელებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის სიმძიმეს არათუ მტკიცებულებებით ამყარებდნენ, არამედ არც კი მიუთითებდნენ, რომ საქართველოს ინტერესებს მიადგა რაიმე ტიპის ზიანი, საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებს მოჰყვა ნეგატიური შედეგები საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, შეფერხდა კონსტიტუციურ ორგანოთა ფუნქციონირება ან წარმოიშვა იმგვარი საფრთხე, რომელმაც საფუძველი გამოაცალა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი საზოგადოებრივ ნდობას, რამაც აუცილებელი გახადა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება.

56. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი ვიზიტებს ახორციელებდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით წარმართული მთავრობის პოლიტიკის მხარდასაჭერად. თავის მხრივ, ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის, მთავრობისა და ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ეროვნულ ინტერესს. ევროინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერა უნივერსალურად დეკლარირებულია ყველა სახელმწიფო ორგანოს მიერ, რაც, ასევე ნაკარნახევია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომელიც მიუთითებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოების მიერ ინტეგრაციის ხელშესაწყობად ზომების მიღების საჭიროების შესახებ. ევროკავშირის ქვეყნებში საგარეო ვიზიტებს აქტიურად აწყობს საქართველოს მთავრობის მეთაური და სხვა თანამდებობის პირები. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურია პრეზიდენტის წარმომადგენლის მითითება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ვერც კი დაუშვებდა, რომ მისი ვიზიტით შესაძლოა, მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაეზიანებინა.

57. წარდგინების ავტორების მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ხელყოფს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც თავისთავად იწვევს მძიმე ზიანს. კონსტიტუციის დარღვევა და მასზე რეაგირების მექანიზმების შექმნა დემოკრატიული მმართველობის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მმართველობითი სისტემის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი აქტი უცვნია არაკონსტიტუციურად, ასევე შესაძლოა, შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში, არაკონსტიტუციურად ცნოს სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის ქმედება. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა და კონსტიტუციითვეა დადგენილი დარღვევაზე რეაგირების სათანადო მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას შეუქცევადი ზიანისაგან (იქნება ეს შესაბამისი სამართლებრივი აქტისა თუ თანამდებობის პირის ქმედების არაკონსტიტუციურად ცნობა). თავისთავად, დამატებითი გარემოებების მხედველობაში მიღების გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის ნებისმიერი დარღვევა არ უნდა იქნეს მიჩნეული იმგვარ შემთხვევად, რომელზე რეაგირების მექანიზმადაც კონსტიტუცია იმპიჩმენტს ითვალისწინებს. საპირისპიროს მტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევის ნებისმიერი ფაქტის დადგენა (მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი აქტისა თუ თანამდებობის პირის ქმედების არაკონსტიტუციურად ცნობა) ავტომატურად შექმნის იმპიჩმენტის საფუძველს. ასეთი განმარტება კი მსუსხავ ეფექტს იქონიებს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე და, ამდენად, საფრთხე შეექმნება მათ მიერ კონსტიტუციური ფუნქციების ეფექტიან განხორციელებას.

58. იმავდროულად, არ გამოვრიცხავთ, რომ, რიგ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლოა, თავად კონსტიტუციური წესრიგისადმი მიყენებული ზიანის გამოც მივიდეს დასკვნამდე, რომ თანამდებობიდან გადაყენება წარმოადგენს დარღვევაზე ადეკვატურ პასუხს. ასეთი შემთხვევას შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს იმ შემთხვევებში, როდესაც თანამდებობის პირი უხეშად უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და მისი ქცევა კონსტიტუციის წესრიგის უპატივცემულობის ფორმებს იღებს. მაგალითად, იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი თანამდებობის პირი განზრახ ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფას და მრავალჯერადად თავიდან იღებს სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ აქტებს, ან/და უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტს მისი უფლებამოსილების ფარგლების შესახებ. მსგავს პირობებში, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი აღწევს იმ ხარისხს, როდესაც კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფის სხვა ნაკლებად მზღუდავი მექანიზმები ეფექტიანი არ არის და საჭიროა თანამდებობის პირის გადაყენება.

59. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სადავო ვიზიტების განხორციელებისას, ერთი მხრივ, არ არსებობდა სასამართლოს განმარტება პრეზიდენტის კონსტიტუციით დასაშვები საქმიანობის ფარგლების შესახებ, მეორე მხრივ, კონსტიტუციური ორგანოების პრაქტიკიდან არ იკვეთებოდა ნათელი სურათი მთავრობის თანხმობის გარეშე უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ. როგორც საქმის განხილვისას გამოიკვეთა, საქართველოს პრეზიდენტი, წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ხვდებოდა თანამდებობის პირებს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, იგი რამდენჯერმე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. წარდგინების ავტორებს, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის ავტორებს არ მიუთითებიათ, რომ მთავრობის თანხმობის სავალდებულოობის თვალსაზრისით, ოფიციალური შეხვედრების საქართველოში გამართვა განსხვავდება იმავე პირებთან უცხოეთში შეხვედრისაგან. განსხვავებული აზრის ავტორები ვიზიარებთ პოზიციას, რომ მთავრობის თანხმობის საჭიროების მიზნებისთვის პრეზიდენტის უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის ადგილი არარელევანტურია. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა 2022 წელს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ განახორციელა რამდენიმე ვიზიტი. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას არ უწარმოებია საკონსტიტუციო სასამართლოში დავა უფლებამოსილების შესახებ, რაც ლოგიკური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა მიიჩნევდა, რომ მისი თანხმობის გარეშე პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო ვიზიტი წარმოადგენდა მთავრობის კომპეტენციაში ჩარევას და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას.

60. ამავე დროს, მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, უცხოეთში ვიზიტების განხორციელების შემთხვევებში, როგორც წესი, საქართველოს მთავრობას თანხმობის მისაღებად წლების განმავლობაში მიმართავდა. პრეზიდენტის წარმომადგენლების განმარტებით, მსგავსი ვიზიტების განხორციელებისას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისათვის მიმართვისა და თანხმობის აღების მოტივაცია განპირობებული იყო არა საქართველოს პრეზიდენტის პოზიციით, რომ მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ყველა შემთხვევაში, საჭიროებდა საქართველოს მთავრობის თანხმობას, არამედ სურვილით, რომ კონკრეტული ვიზიტის ფარგლებში წარმოედგინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მთავრობის პოზიციაც. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მოქმედებებიდან ცხადად იკვეთება, რომ წლების განმავლობაში მათ არ ჰქონდათ ნათლად ჩამოყალიბებული, ერთიანი ხედვა და ურთიერთგაგება საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის მონაწილეობის თაობაზე საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულოობის შესახებ. ამ კონტექსტში, დამატებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბერს, მოქმედი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დანაწესი არის შედარებით ახალი კონსტიტუციური ნორმა და არ არსებობს სხვა პრეზიდენტის მიერ წარსულში მისი გამოყენების პრაქტიკა. ამრიგად, ნათელია, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას ჰქონდათ განსხვავებული ხედვები საგარეო ურთიერთობებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობისას საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულოობის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, განსხვავებული ხედვების პირობებში, საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული წინარე პრაქტიკა, რომლითაც იგი იხელმძღვანელებდა საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის თანხმობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული საფუძველს აცლის მარტოოდენ საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის არარსებობაზე მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური წესრიგის უხეში უგულებელყოფის მტკიცებას.

61. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ფორმალურად, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, არ იკვეთება, რომ მისმა ქმედებებმა დააზიანა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა ან/და, კონსტიტუციის უხეში დარღვევით, საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციურ წესრიგს. ვთვლით, რომ შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული რეაგირებით სრულყოფილად აღმოიფხვრებოდა ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ქმედებას შეეძლო გამოეწვია. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მოყვება რიგი კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ინტერესების ხელყოფა. შესაბამისად, ხსენებული ღონისძიება კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს. მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება იწვევს პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციური ინტერესის იმაზე მეტად ხელყოფას, ვიდრე ამას წარდგინების ავტორების მიერ მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უნდა დაედასტურებინა, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისათვის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი“, – წერია მოსამართლეების მოსაზრებაში.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო იღებს. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ოპოზიციის მხარდაჭერაც იქნება საჭირო.