„პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილე, ამიტომ, საკონსტიტუციომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად“, – ასე განმარტავს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნის განკარგულებისთვის ხელის მოწერის მიზეზებს.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო არ მიუღია, რომ „ვიღაცამ დააძალა, ან რაღაცის შეეშინდა“.
„გახსოვთ კარგად „ნაცების“ მიერ ჩემი შეურაცხყოფის ძალიან ბევრი მაგალითი, ან დღესაც ვიღაც სამეულების, თუ ოთხეულების, სულ ვემიჯნებოდი და ვერიდებოდი იმას, რომ მე რამე ფორმით ჩავრთულიყავი იმაში, რაც პოლემიკის ფორმას მიიღებდა, პინგ-პონგის ფორმას, რომელიც მე მგონია, არ ეკადრება პრეზიდენტს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რომელიც მიუღებელია იმიტომ, რომ ეს თავისთავად პოლარიზაციას აღვივებს. ჩემი მოწოდება პირველივე დღიდან იყო, რომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პოლარიზაცია და რჩება მოწოდება, რომ უნდა დავძლიოთ პოლარიზაცია და სხვათა შორის, ესეც არის ის პირველი პუნქტი, რაც წერია ევროკავშირის რეკომენდაციებში და რაც ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ.
ასე რომ, ჩემი დღევანდელი გამოსვლა არ იკითხება, როგორც რამე პოლემიკაში ჩართვა, მაგრამ ამავე დროს, მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს ევალება რაღაც გარკვეულ საკითხებზე, რაზედაც ყველა საუბრობს და სხვადასხვა ფორმით ხსნის ამ საკითხებს, პრეზიდენტმა თავისი სიტყვა უნდა თქვას იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ესა თუ ის გადაწყვეტილება.
რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე გეტყვით, რატომ მივიღე ესა თუ ის გადაწყვეტილება. ეს ეხება პირველ რიგში, ძალიან გახმაურებულ საქმეს, რომელიც ეხება ჩვენს ყოფილ ელჩს ამერიკაში და დღეს უკვე გაერო-ში ჩვენს მუდმივ წარმომადგენელს, სადაც მე გამოვთქვი ჩემი პოზიცია, ჩემი პროფესიონალური პოზიცია მისი საქმიანობის შესახებ 5 წლის მანძილზე. ეს არგუმენტები სხვათა შორის, არასაჯაროდ წარვუდგინე იმ კონფიდენციალურ ფორმატში, რაც არსებობს კონსულტაციების – საგარეოსთან, პრემიერთან, როგორც საჭირო არის, ნებისმიერი ელჩის დანიშვნის დროს, მოხდეს ეს კონსულტაცია, ეს გათვალისწინებულია ჩვენი სამართლებრივი ტექსტებით, არ დავიწყებ წაკითხვას, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს და სხვათა შორის, ეს წარდგენა კონფიდენციალური უნდა იყოს და შედის კონფიდენციალური ტექსტების ნუსხაში. შემდეგ, როცა კონსულტაცია დასრულდება, მოდის ის ძალიან ოფიციალური წარდგენა, რომელიც მომივიდა და რომელსაც მე გუშინ ხელი მოვაწერე.
ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, ან რაღაცის შემეშინდა, მაგრამ იმიტომ, რომ აქამდე, ვიდრე მიდიოდა კონსულტაციების ფორმა და თავდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება, ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი. შეფერხება არ უნდა იყოს და მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, გაერო-ს გენერალური ასამბლეა იმართება 3 კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, იმ მომენტში, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ამ გენანსამბლეაზე. ეს არის, რაც ელჩის დანიშვნას ეხება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.