LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: საქართველო ძლიერი იყო სწორედ მაშინ, როცა თვითმმართველი ერთეულები იყვნენ ძლიერები – არ იქნება ძლიერი რეგიონები და არ იქნება ძლიერი სახელმწიფო!

32
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და პოლონელ, ამერიკელ, კანადელ და ისრაელელ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმისთვის, რომ რეგიონი ძლიერი იყოს, თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური, პრაქტიკაში გადატანილი და არ დარჩეს მხოლოდ კარგ საკანონმდებლო ბაზად და სტრატეგიად.

,,თვითმმართველობის საკითხი ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია ჩვენი მომავლისთვის. თუ გვინდა დემოკრატია, ევროპულობა და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება ძლიერი რეგიონები. ეს ისეთი მოცემულობაა, რომელსაც ვერ გავექცევით.

არ იქნება ძლიერი რეგიონები და არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საქართველო! რეგიონების მიმართ მეტი ყურადღება – ეს პირველივე დღიდან ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ მხოლოდ ყურადღება არ არის საკმარისი.

იმისთვის, რომ რეგიონი იყოს ძლიერი – თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური, პრაქტიკაში გადატანილი და არ დარჩეს მხოლოდ კარგ საკანონმდებლო ბაზად და სტრატეგიად.

ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გაკეთებული, მაგრამ რაც მთავარია, რეგიონი პრაქტიკაში უნდა იყოს თვითმმართველი, მუნიციპალიტეტი უნდა იყოს თვითმმართველი, რაც რამდენიმე წინაპირობას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, ვერ დავუბრუნდებით ჩვენს ტრადიციულ წყობას.

საქართველო ძლიერი იყო სწორედ მაშინ, როცა თვითმმართველი ერთეულები (მაშინ თვითმმართველი არ ერქვა) იყვნენ ძლიერები და იყვნენ ერთად. ეს ერთობა, თვითმმართველობა და მათი დამოუკიდებლობა ჩვენი ნიშაა. ჩვენ სახელმწიფოს ეს მოწყობა საბჭოთა წყობამ დაარღვია, გადაგვიყვანა ულტრაცენტრალიზებულ წყობაზე და ამით მოსპო ის, რაც ჩვენი ძლიერების საფუძვლებს წარმოადგენდა, რასაც უთუოდ უნდა დავუბრუნდეთ.

ჩვენ გვაქვს ამისი საწყისი მიმართულებები, მივიღეთ „თვითმმართველობის კოდექსი“, თუმცა ყველაფერი ჯერ არ არის შესრულებული; მივიღეთ დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელსაც სჭირდება განხორციელება სამი მთავარი მიმართულებით – ფინანსებით იწყება და მთავრდება ყველაფერი, თუ არ იქნება შემოსავლების ახლებური გადანაწილება, არ იქნება არც თვითმმართველობა, რადგან მას არ ექნება საკუთარი გადაწყვეტილებების განხორციელების რესურსი. ამიტომ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ. ბევრ ქვეყანაში არსებობს იმის მაგალითი, როგორ უნდა გადანაწილდეს რესურსები იმისთვის, რომ რეალური გახდეს თვითმმართველობის ძალა და საშუალება.

მეორე, თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის საკითხია, რომელიც ასევე წერია ახალ კოდექსში, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განხორციელებული, რაც მუნიციპალიტეტების ძალისა და ახალი შესაძლებლობის ერთ-ერთი საფუძველია.

და მესამე, გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის საკითხია, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც დაწყებულია, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ეს პრაქტიკა უკვე შემოტანილია. ზოგ ადგილას ძალიან მცირე მასშტაბით, ზოგან ცოტა უფრო სერიოზულად, მაგრამ ეს ჯერ მაინც მოიცავს მხოლოდ ისეთ პროექტებს, როგორიცაა სკვერი, ქანდაკება და აშ. ეს არ არის პროცესებში მოქალაქის ბოლომდე ჩართულობა, რომელიც თვითმმართველობის ნამდვილი პარტნიორი გახდა. ამისკენ წასასვლელად გადასადგმელი ნაბიჯები ყველას ჩართულობას მოითხოვს.

ასე რომ, საქმე ბევრია. მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ – მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა (ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის). პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, რომ როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალებები გამოვიყენოთ.

და კიდევ ერთი, ევროპული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მეათე პუნქტი. ეს თქვენ ხელშია, რათა ამ მიმართულებით მაინც დავდოთ ის შედეგი, რომელსაც ვასრულებთ არა იმიტომ, რომ ეს ევროპელების მოთხოვნაა, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისათვის არსებითი, აუცილებელი მიმართულება და თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიმართულებაა.

მინდა, ორ საკითხზე კიდევ გავამახვილო ყურადღება: მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო თარიღია – 180 წელი და როგორც ყველას მოგეხსენებათ, მისი საქმიანობა ქუთაისში, ფოთსა თუ თბილისში მიმართული იყო სწორედ თვითმმართველობის განვითარებისაკენ. გავიდა ამდენი წელი და ჯერ კიდევ ამაზე ვფიქრობთ და ამაზე ვწვალობთ. საჭიროა აღვნიშნოთ ეს თარიღი, ამისათვის ჩვენ ოფიციალურად უკვე მივმართეთ მთავრობას, რომ შეიქმნას კომისია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე, მოქალაქეობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ამ პროცესს არ სჭირდება, რომ მაინც და მაინც მართული იყოს ზემოდან და ბევრი ინიციატივა სწორედ თქვენს ხელშია, რომელიც შეიძლება ამ წელს განხორციელდეს.

მეორე, ასეთივე ინიციატივა, რომელიც მინდა გაგაცნოთ – ეს ორბელიანების სასახლეში – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონების დღეების გამართვაა. ეს წინადადება ყველასთანაა გაგზავნილი. ალბათ მიღებულიც გექნებათ.

ჩვენ გითმობთ დედაქალაქის ცენტრში ორბელიანების სასახლის სივრცეს, ყველა ჩვენ საშუალებებს, რათა რეგიონებმა რაც შეიძლება მრავალფეროვნად წარმოადგინონ საკუთარი თავი, როგორც ჩათვლიან საჭიროდ. აქ არანაირი ჩარევა არ იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ მხარდაჭერა, იმისთვის, რომ ყველა კუთხით, წარმოჩნდნენ თქვენი რეგიონები, მუნიციპალიტეტები, ის, რაც კეთდება, რაც მართლაც თვალსაჩინოა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან ცოცხალი და ძალიან საინტერესო პროცესი. დავიწყებთ ნოემბერში და რეგიონების კვირეულს სვანეთი გახსნის. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ სვანეთით ვიწყებთ.

ძალიან დიდი მადლობა! გისურვებთ ძალიან წარმატებულ ფორუმს და კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა მოვახსენო პოლონეთს, რომელიც ყველა ამ ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებაში ჩვენს გვერდით დგას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პლატფორმის ორგანიზატორია საქართველოში სოლიდარობის ფონდ PL-ის (SFPL) ფილიალი და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია (GFA). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი პრობლემების ეფექტურად მართვის საუკეთესო სტრატეგიები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

პლატფორმის მთავარი ამოცანაა საქართველოს თვითმმართველობის ორგანოებისთვის პრიორიტეტული სტრატეგიების მინიჭება, რაც საშუალებას მისცემს მათ უკეთ მოემსახურონ საკუთარ მოქალაქეებს, გააუმჯობესონ მდგრადობა და უკეთ წარმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოლექტიური ხედვა საქართველოში. გარდა ამისა, პლატფორმა მიზნად ისახავს ფინანსური და საბიუჯეტო SOP-ების გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები