საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი ეხმაურებიან.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძეს „უხარია, რომ პრეზიდენტი იმ პოზიციაზეა, რაზეც ოპოზიციური პარტიები წლებია საუბრობენ“. ჩიხლაძის თქმით, „ღარიბაშვილი და მისი მთავრობა დაპირისპირებულია მთელ დასავლურ სამყაროსთან“.
როგორც მან აღნიშნა, პრემიერი სიძულვილით და აგრესიით მოიხსენიებს თავისი მოსახლეობის ნახევარზე მეტს.
„პრეზიდენტს სწორი გზავნილები ჰქონდა. მიხარია, რომ პრეზიდენტი იმ პოზიციაზე, რაზეც ჩვენ, ოპოზიციური პარტიები წლებია ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანი იყო განცხადება დეპოლარიზაციაზე, მან ნამდვილად შეიწყალა გვარამია და თავისი წვლილი შეიტანა, დაგვიანებით, მაგრამ გააკეთა. როგორც გუშინდელ ინტერვიუში, ასევე, მის ბოლო შეფასებებში დამაკლდა ის, თვლის თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ინსტიტუციები მიიტაცა. ამაზე უჭირს კომენტარის გაკეთება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, გადავა თუ არა ამ წითელ ხაზს ბიძინა ივანიშვილთან.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებებს, ეს იყო სიძულვილის და ზიზღის ენა, თავისივე ტექსტში რომ დეპოლარიზაცია ვერ ხდება მაგალითად მოიყვანა და განამტკიცა. რატომ ვერ ხდება ეს დეპოლარიზაცია? ყველაფერთან ერთად, ის სიძულვილით, აგრესიით მოიხსენიებს თავისი მოსახლეობის ნახევარზე მეტს.
თქვენ, ნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არა პრეზიდენტთან, მოსახლეობის უდიდეს ნაწილთანაა დაპირისპირებული. ნახეთ პრემიერი ღვარძლიანი განცხადებები, პლუს ჩვენ ვხედავთ ძალადობრივ ქმედებებს ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის მიმართ. პრემიერის ტექსტში იყო მინიშნება, თუ როგორი იქნება არჩევნებამდე 1 წელი, ეს იქნება ძალადობა, სიძულვილის ენა, რუსული პროპაგანდის წარმოება „ქართული ოცნების“ მხრიდან. პრეზიდენტთან იქნება თუ არა დაპირისპირებული ნაკლები გავლენა ექნება, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა დაპირისპირებულია მთელ დასავლურ სამყაროსთან“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე კი აცხადებს, რომ „პრეზიდენტის განცხადებები კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ რუსული ოცნება და მათ მიერ არჩეული კურსი ქვეყანას მიაქანებს ჭაობისკენ“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული და მხარდაჭერილი პრეზიდენტი უმწვავეს განცხადებებს აკეთებს.
„ძალიან სწორი აქცენტებია და ცხადად ისაუბრა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ისტორიული არჩევანის წინაშე, მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით ისტორიულ შესაძლებლობას, მივიღებთ თუ არა ჩვენ კანდიდატის სტატუსს და მაშინ, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პირიქით. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ანტიევროპულ პროპაგანდაზე და იმაზე, რომ არ შეიძლება მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებით „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები იყოს სალანძღავი და ისეთი, როგორიც არის. ვფიქრობ, რომ გუშინ პრეზიდენტის განცხადებები იყო სწორი აქცენტებით, აბსოლუტურად ადეკვატური და შესაბამისი იმის, თუ რა პოლიტიკური მდგომარეობაც არის ქვეყანაში და რა პოლიტიკურ მდგომარეობაშიც „რუსულმა ოცნებამ“ ჩააგდო ეს ქვეყანა. თუმცა ცხადია, რომ მაქვს მოლოდინი, მაშინ, როდესაც „რუსული ოცნება“ არის სრულიად არაადეკვატური, მათ კიდევ რამე სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქრონ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები მათთვის ნამდვილად იქნებოდა დისკომფორტის შემქმნელი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.