საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ონლაინ“ ფორმატში გაიმართა და ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა მსოფლიოში არსებულ დაძაბულ ფონზე და გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ეროვნული თანხმობის პროცესში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის მხარდაჭერილი უნდა იყოს პარტნიორი ქვეყნებისა და დიასპორისგან.
„არსებული და ანაქრონული მდგომარეობიდან გამოსვლა, მხოლოდ ძალიან დიდი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დიპლომატები იმისთვის არიან, რომ ეს გზები გამონახონ, რაც არ უნდა უიმედოდ ჩანდეს მოცემულ მომენტში მშვიდობიანი გზა. იმავე დასკვნამდე მივედი შიდა პოლიტიკასთან მიმართებაში და ამიტომ დავიწყე ეროვნული საუბრისა და თანხმობისაკენ მიმავალი პროცესი. ამ პროცესში თქვენი, ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება, რამეთუ თუ ეს პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და ჩვენი დიასპორისგან, რომელთანაც უნდა დაამყაროთ ბევრად ღრმა ურთიერთობები.
არაერთხელ მითქვამს, რომ პატარა ქვეყნის დიპლომატია ეგზისტენციალურია, თქვენ ხელშია ქვეყნის რეპუტაცია, მის მიმართ ნდობა, და მაშასადამე მისი მხარდაჭერა. როგორც ყველა ჩვენგანს, თქვენც ბევრად მეტი გმართებთ, არასოდეს არ უნდა იფიქროთ, რომ რასაც აკეთებთ საკმარისია და ამით დაკმაყოფილდეთ, ყოველთვის მეტი უნდა ისურვოთ და მეტს მივაღწევთ.
მჯერა, რომ მსოფლიოში ქალებს კიდევ გააჩნიათ გამოუყენებელი რესურსი კონფლიქტების დასაძლევად, მომავალ წლის მაისში ეუთოს ეგიდითა და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის მხარდაჭერით, ქალთა ლიდერების კონფერენცია მოვიწვიე. ასეთი კონფერენციის წარმატება ცხადია, დიდწილად, თქვენზეა დამოკიდებული და თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი მაქვს.
მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი თქვენ, თქვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს და ყველას ვუსურვო, რომ ეს წელი იყოს ჩვენთვის წარმატების, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და წინსვლის წელიწადი“, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.