LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას მხოლოდ ერთი შანსი დარჩა – გაათამაშოს სააკაშვილის, როგორც “საფრთხობელას” კარტი – თორნიკე შარაშენიძე

210

„მთავრობას მხოლოდ ერთი რაღაცის შანსი დარჩა – ეს არის გაათამაშოს სააკაშვილის, როგორც საფრთხობელას კარტი, რომ აი, თუ მოვა ვაშაძე, სააკაშვილი ჩამოვა – 9 წელი და ცოცხები,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ პოლიტოლოგმა, თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა. შარაშენიძე ამ განცხადებით არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შანსებს გამოეხმაურა.

„მათ დანარჩენი არაფერი დარჩენიათ და თუ „საფრთხობელას“ მნიშვნელობით შეძლებენ, დაძრან ის ამომრჩეველი, რომელიც გუშინ სახლში დარჩა და არ მოვიდა, მაშინ აქვთ შანსი, რომ გაიყვანონ სალომე ზურაბიშვილი. სხვა ვერანაირ შანსს მთავრობის მხრიდან ვერ ვხედავ და წესით, თუ ეს ყველაფერი ვერ მოახერხა მთავრობამ, მაშინ ვაშაძე გაიმარჯვებს.  ფაქტია, რომ მარტო ადმინისტრაციულმა რესურსმა გუშინ ვერ მოიგო,“ – განუცხადა „ფორტუნას“ თორნიკე შარაშენიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციურ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, შარაშენიძე ამბობს, რომ ვაშაძეს მეორე ტურში გამარჯვების კარგი შანსი აქვს.

„გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში კარგი შანსი აქვს, ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული, თვითონ როგორ იმუშავებენ. მმართველი პარტიის მთავარი მიზანი ახლა ის უნდა იყოს, რომ შეძლონ ნეიტრალური ამომრჩევლის მოზიდვა. იმ ნეიტრალური ამომრჩევლის, რომლის დაშინებისა და მობილიზების იმედიც აქვს „ოცნებას“. მოსახლეობას უნდა უთხრან, რომ არანაირი შურისძიება არ იქნება ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს არანაირად იმ საშინელი შეცდომების გამეორებას, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, სწორედ ამით უნდა მოიგონ ნეიტრალური ამომრჩევლის ხმები, ისინი თავის მხარეს უნდა გადაიყვანონ. თუ ეს ვერ მოახერხეს, მაშინ მთავრობას არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შანსი უჩნდება,“ – განაცხადა შარაშენიძემ.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი არჩევნების მეორე ტურში მოტივირებული და მობილიზებული იქნება და თუ ამომრჩეველთა რიცხვი იგივე დარჩა, მაშინ, შარაშენიძის თქმით, არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს.

შარაშენიძე ამბობს იმასაც, რომ შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერი ელექტორატი არჩევნების მეორე ტურზე არ წავა.

„სადამდე შეიძლება ნათელაშვილი უნდობლობას უცხადებდეს ყველას და ყველაფერს? კაცს ჰქონდა ერთხელ, 90-იან წლებში, მშვენიერი შანსი, არ და ვერ გამოიყენა და პოლიტიკა ამდენ რაღაცას არ პატიობს. იმის მერე ნათელაშვილი არ ენდობა არაფერს. თუ ბოლო 6 წელია, ივანიშვილის კრიტიკის რეჟიმშია, ახლა მშვენიერი შანსი აქვს, რომ კრიტიკის ობიექტი – ივანიშვილი დაამარცხონ,“ – დასძინა შარაშენიძემ.

რაც შეეხება ხალხს, რომელმაც გუშინდელ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, კერძოდ, სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან არიან, თბილისში სწავლობენ და ხმის მიცემა ვერ მოახერხეს, შარაშენიძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ასეთი სტუდენტების მობილიზაცია არ არის მარტივი.

„საარჩევნოდ იმ ადამიანების მობილიზებას ახდენენ, ვინც შეუძლიათ, დააშინონ და მათზე არიან დამოკიდებული. ძირითადად ისინი, ვინც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს. შესაბამისად, სტუდენტების დაშინება ასე მარტივად არ ხდება. ახალგაზრდობა ყველა მთავრობისთვის პრობლემური ელექტორატი იყო,“ – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს აქვს. ცესკოს ცნობით, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.