რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, კულტურის მინისტრი გამოეხმაურა.
გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილს: პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მას კარასინის განცხადება არ მოუსმენია. მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს მსგავსი სიტყვებით ახასიათებს:
„ღიად უნდა გითხრათ, რომ კარასინის განცხადება პირადად არ მომისმენია, ამიტომ იმის მიხედვით გპასუხობთ, რაც თქვენ მითხარით და იმედი მაქვს, ეს სწორად არის გადმოცემული და მან ასე თქვა.
მან თუ ეს ნამდვილად ასე თქვა, ჩემი პასუხი შემდეგია, რომ მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის და სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს“, – თქვა თეა წულუკიანმა.
ცნობისათვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება“, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი გამოეხმაურა.
კარასინმა სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ „პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია“. მისი განმარტებით, „უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის“.