LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლანდიის პრეზიდენტი: „საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მზად ვართ თანამშრომლობისთვის.. რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ“ 

117
Untitled design (2)

„საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან“, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ისლანდიის პრეზიდენტი: „ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩემი სახელი გუდნი იოჰანესონი ქართულად ითარგმნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი, მოხარული ვიქნები, საქართველოში ამ სახელით ვიყო ცნობილი“

როგორც გუდნი იოჰანესონმა აღნიშნა, ისლანდია მიესალმება საქართველოს მისწრაფებას, ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს:

„მადლობას გიხდით ქალბატონო პრეზიდენტო, რომ საქართველოში, ამ მშვენიერ ქვეყანაში გვიმასპინძლეთ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი ოცნება, საქართველოს ვსტუმრებოდი. პირველად ქართველ ხალხს 1990 წელს შევხვდი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მე ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვასწავლიდი და იქ ქართველ სტუდენტებს შევხვდი. ამ დღის შემდეგ ჩემი ოცნება იყო საქართველოში სტუმრობა.

საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან. ყველა ის ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მიერ იქნა განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ საქართველოს სრულებით ვუჭერთ მხარს. ასევე მივესალმებით საქართველოს როლს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ.

ისლანდია და საქართველო ძალიან პატარა ქვეყნები გახლავთ, შესაბამისად აუცილებელია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო კანონი იქნას პატივცემული. რომ ძალა არ იყოს ის, რაც ყველაზე ღირებულია დღევანდელ მსოფლიოში. შესაბამისად, ისლანდიამ პირველი დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შესთავაზა უკრაინას დახმარება. ჩვენ მივიღეთ ისლანდიაში უკრაინიდან დევნილი ხალხი. ჩვენ გავიაზრეთ ამ პროცესში, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

გუდნი იოჰანესონის თქმითვე, საქართველოში მისი ვიზიტის შემდეგ, ამ ქვეყნის მიმართ ისლანდიელების ინტერესი უფრო გაიზრდება.

“ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გავამახილეთ მწვანე ენერგიაზე. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია, ჩვენი თანამშრომლობა უფრო გავაღრმაოთ. ამის მაგალითი გვაქვს ახალქალაქში, სადაც ისლანდიური კომპანია მონაწილეობს და ამ მიმართულებით დამატებით თანამშრომლობას მივესალმებით. როდესაც ბაქოსა და ისლანდიას შორის პარტნიორობა ყალიბდებოდა, სხვადასხვა მწვანე საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა შევინარჩუნეთ. შესაბამისად, საქართველოსა და რეიკიავიკს რაც აერთიანებთ, არის აგრეთვე თბილი აბანოები. როგორც ვიცით, თბილისშიც არის თბილი აბანოები, ასევე რეიკიავიკში. ამ მიმართულებით, ჩვენ გვჯერა, რომ ისლანდიას აქვს რაღაც, რაც შეუძლია, შესთავაზოს საქართველოში და ამ მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია, თანამშრომლობის ახალი ხიდები ვეძებოთ საქართველოში.

როგორც ვიცით, საქართველოს აქვს დიდი ლიტერატურული მარაგი. ჩვენ ახლა რუსთაველის დარბაზში ვიმყოფებით. ხვალ გვექნება პატივი, ხელი მოვაწეროთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ისლანდიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის და ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. აგრეთვე, ტურიზმიც შეიძლება იქნას წახალისებული. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან საინტერესო ადგილმდებარეობაა, სადაც შევხვდებით როგორც საზღვაო სანაპიროებს, აგრეთვე მთებს. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტის შემდეგ საქართველოს მიმართ ისლანდიელების ინტერესი უფრო გაიზრდება“, – აღნიშნა ისლანდიის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. ორბელიანების სასახლეში გამართული დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოსა და ისლანდიის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები შედგა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

🇬🇪🤝🏻🇮🇸 დახვედრის ოფიციალური ცერემონია

🇬🇪🤝🏻🇮🇸 დახვედრის ოფიციალური ცერემონია

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on სამშაბათი, 05 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები