“ვერ გეტყვით წინასწარ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, უფრო სწორად რომ ვთქვათ რა გადაწყვეტილებას მიაღებინებენ, თორემ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ის გადაწყვეტილებებს თავად არ იღებს და რასაც ეტყვიან მისი პატრონები იმას აკეთებს. რაც შეეხება მის მომავალ პოლიტიკურ წარმატებას, სამწუხაროდ როგორი წარუმატებელიც იყო პრეზიდენტობის დროს, რა თქმა უნდა ასეთივე წარუმატებელი დასაწყისი ექნება პოლიტიკაში, არამც თუ მომავალი” – განაცხადა რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გადაცემაში „დღის თემა“ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მაღალი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადადგება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„პრეზიდენტი, რომელმაც საჯაროდ დაარღვია კონსტიტუცია, რომელმაც საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ამომრჩეველს, რომელმაც საჯაროდ აგინა საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებსაც აქებს ევროკავშირის ელჩი, ბუნებრივია, რომ თავიდანვე განწირულია ნებისმიერი პოლიტიკური წარმატება მისთვის. სუბიექტურად შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ დაინახავს საზოგადოება, თუ ვინ იყო პიროვნება, რომელსაც პრეზიდენტი ეწოდებოდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით საპარლამენტო არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში.