ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ევროკავშირის საბჭო სერიოზულად შეშფოთებულია ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით ირანის საქმიანობით და მოუწოდებს, თავი შეიკავოს მისგან, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების გაშვებისგან, რაც არ შეესაბამება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას 2231,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის რაოდენობისა და სიხშირის ზრდა რეგიონში არასტაბილურობასა და უნდობლობას აძლიერებს.
ამას გარდა, ევროკავშირის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ირანის მტრული ქმედებების გამო, რის გამოც ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესდა.