სალომე ზურაბიშვილი ავიაკომპანია „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებსაც მოუწოდებს, გაიზიარონ.
მისი განცხადებით, „აირზენა“ არის კომპანია, რომელიც „ფულისთვის ყველაფერზე მზად არის“ და „სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს“.
„მე ჩემთვის ვაწესებ, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტი აირზენაზე. აირზენა არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. და კიდევ ერთი რამ, მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, ვიდრე ეს იქნება აირზენას ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, დღეიდან ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ავიარეისების შესრულება დაიწყო. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დილის 07:00 საათზე გაფრინდა, ბორტზე 80-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.