პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს.
აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ ჩვენც კი ამისი იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ, ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი, ხოლო შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს ჩვენს თავთან.“
მისივე თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი საქართველოს გამოწვევაა და სხვასთან შედარებები არაფერს გვაძლევს.
„თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის რეფორმები და ის რეკომენდაციები, რაც გვეხება. ჩვენს შემთხვევაში 12 და ეს 12 რეკომენდაცია არის გამოწვა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენად შევასრულებთ, რა სისწრაფით შევასრულებთ, რა ეროვნული თანხმობით შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს და არა ცალ-ცალკე და ერთიმეორეს წინააღმდეგ.
ეს არის ჩვენი გამოწვევა და ამ გზაზე, თუ რამდენად შევძლებთ და შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, ამით იქნება განსაზღვრული ჩვენი ევროპული მომავალი.
ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენ თავთან გვაქვს ეს გამოწვევა და არავისთან შედარებები არაფერს გვაძლევს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, იმიტომ, რომ სოლიდარობა რუსეთსა და რუსეთის ქმედებებზე ჩვენი ნამდვილი პასუხია.“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აღნიშნულზე განცხადება გააკეთა მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმაც.
მისი თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიეცა, „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში ცვლილებები არ შესულა.
დასმულ კითხვაზე: ხომ არ შეცვალა ევროკომისიის გადაწყვეტილებამ „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი და დღის წესრიგი და თუ შეცვალა, როგორ? ასევე, ამ პროცესში რა უნდა გააკეთონ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ერთმანეთის მხარდამხარ იმისთვის, რომ საბოლოოდ ევროკავშირის წევრები გახდნენ, მაია სანდუმ უპასუხა: „დიდი ცვლილებები დისკუსიის ფორმატში არ დამინახავს. ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირობა შესასრულებელი.“
„როგორც იცით, მოლდოვის რესპუბლიკას აქვს 9 პირობა, ასევე საქართველოსაც აქვს თავისი პირობები შესასრულებელი.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ დაწესებულებები დიდ კრიზისებს უნდა გაუმკლავდნენ ჩვენს ქვეყნებში, მოლდოვის რესპუბლიკაში დრამატული სიტუაციაა, ამას ემატება ენერგოკრიზისიც, ასევე სხვა საკითხებიც გადასაწყვეტია, რომელიც ეკონომიკურ-სოციალური პრობლემებიდან მოდის, რაც თავისთავად ამ ომით არის გამოწვეული.
ამის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელსაც პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებს შევპირდით. მოლდოვის რესპუბლიკაში ამ რეფორმებს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, თუმცა, არსებობს წინააღმდეგობა სისტემაში, მათ შორის სასამართლო სისტემაშიც.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური და ადამიანური მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს წინააღმდეგობა. ჩვენ ასე გავაგრძელებთ და მოვახერხებთ წარმატების მიღწევას.
სწორედ ასე შევძლებთ ევროპული ინტეგრაციის გზას მივყვეთ. ვსწავლობთ ჩვენი გამოცდილებიდან.“ – განაცხადა მაია სანდუმ.