საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე CNN-თან ისაუბრა.
ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა: „თქვენ ძალიან ხმამაღალი იყავით თქვენს მხარდაჭერაში და ამას ახლაც ადასტურებთ უკრაინელი ხალხის მიმართ. მმართველი პარტია, მთავრობა ასე არ ყოფილა, მათ უარი თქვეს, შეერთებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. არ გაუგზავნიათ რაიმე მატერიალური დახმარება თავდაცვისთვის. რატომ გადგა გვერდით თქვენი მთავრობა?“
საქართველოს პრეზიდენტმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და ხელს აწერს ყველა რეზოლუციას, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად არის შექმნილი.
„ვფიქრობ, ეს არ არის ზუსტი აღწერა. ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და ეს ნამდვილად არის რაღაც ქართული ფინანსური სექტორისთვის. ჩვენ, ასევე ხელს ვაწერთ ყველა რეზოლუციას, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა. ვფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ არსებობს დიდი განსხვავება [სანქციებში] ალბათ, „ვორდინგი“, რომელსაც სახელმწიფო იყენებს… და საზოგადოება ძალიან მხარს უჭერს უკრაინას, ამას ნახავთ, თუ თბილისში ჩამოხვალთ და იმედი მაქვს ჩამოხვალთ, ნახავთ, რომ ყველგან უკრაინის დროშებია. ბევრი ინიციატივებია თავად მოსახლეობის მხრიდანაც, რათა აჩვენონ და წარმოაჩინონ მათი მხარდაჭერა, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს რუსული აგრესიის ორსაუკუნოვანი საერთო ისტორია. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ სოლიდარულები უკრაინის მიმართ.
თუ შეკითხვა ეხება უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას, ეს არის ის რაზეც მხოლოდ გამეღიმება. საქართველო არ არის ის ქვეყანა, ვინც შეიარაღებას გაგზავნიდა. ბევრი სხვა ქვეყანა, რომელთაც მე-5 მუხლი იცავთ, შეუძლიათ ამის გაკეთება და აკეთებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნები დაცულები არიან და აქვთ თავიანთი უსაფრთხოების გარანტიები. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხრივ, სრულად უკრაინის პრეზიდენტის მხარეს ვდგავარ და ვამბობ, რომ ვისაც მეტი შეუძლია, მეტი უნდა გააკეთოს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.