საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდებს მრევლს კურთხევა მისცეს, კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად.
ამ საკითხზე პრეზიდენტმა დღეს, დიდგორობასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე აღნიშნა, ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების, ერის დაპირისპირების საგანი.
“სრულიად მიუღებელია, რომ გარედან, კომფორტში მყოფი ზოგი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილისწამებას, შეურაცხყოფას აყენებს იმ მედიცინის სამყაროს თავდადებულ პიროვნებებს, რომლებმაც გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, წელიწადნახევარზე მეტია, მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი პროფესიონალები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა.” – აცხადებს პრეზიდენტი
“კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი”
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ყველა დიდი გამოწვევის წინაშე მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა. მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა.
პრეზიდენტი თვლის, რომ აუცილებელია, ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა, მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებლები” – აღნიშნა პრეზიდენტმა.