„ანსამბლების გასტროლების გრაფიკთან დაკავშირებით ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობთ“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა და აღნიშნულით გამოეხმაურა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან ორბელიანების სასახლეში უნდა ჩასულიყო, გზიდან გააბრუნეს.
რიჟვაძის თქმით, მან არ იცის, რატომ არ ჩავიდა ანსამბლი „ფესვები“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე:
„ფესვები“ მუნიციპალურ თვითმმართველობას დაქვემდებარებული ანსამბლია და მათ გასტროლების შესახებ აჭარის მთავრობა ნაკლებადაა საქმის კურსში.
როგორც მოგეხსენებათ, თვითმმართველობები დამოუკიდებელია, ამიტომ თვითმმართველობებს აქვთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, საქმის შინაარსი მე ნაკლებად ვიცი. ჩვენ ანსამბლების გასტროლების გრაფიკთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვფლობთ ინფორმაციას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ, ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
სწორედ ამ მიმართვის დროს მან აღნიშნა, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს.
„თქვენ თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რას ჰქვია“. – განაცხადა პრეზიდენტმა.
რას შეეხება უშუალოდ, ანსამბლ „ფესვების„ ხელმძღვანელს, როგორც ბადრი დარჩიძემ მედიასთან განაცხადა, გუშინ, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მოულოდნელად გზიდან გააბრუნეს.
დარჩიძის თქმით, მიზეზად პროცედურული საკითხები დაუსახელეს და უთხრეს, რომ კულტურის ცენტრში წერილი „სათანადოდ“ არ ყოფილა შესული. მანვე აღნიშნა, რომ კულტურის ცენტრს ნებართვასთან დაკავშირებით, ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე, თავად მიმართა:
„მე მყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, მითხრეს წადიო, წამოვედი, დაბრუნდიო, დაბრუნდი. არ ყოფილაო წერილი სათანადოდ შემოსულიო, კულტურის ცენტრში, შუახევში. იქიდან უნდა იყოს მიწვევა მოსული, თბილისიდან, სიტყვიერიაო და ფაქტიურად სიტყვიერი არ გვინდაო, წერილობით გვინდაო.
შესაბამისი მოთხოვნა თუ მოვაო, არ არის პრობლემაო, მე მოვემზადე იმისთვის, რომ წამოვსულიყავი, ხალხი წამომეყვანა, რომ წამოვედი მერე თქვეს, რომ არ მოსუალო და, ეჭვები, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა კულტურის ცენტრი“. – განუცხადა „მთავარ არხს“ ბადრი დარჩიძემ.