საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“დიდია ჩემი მწუხარება!
ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ლალის, მთელ ოჯახს და ჩვენ საზოგადოებას, რამეთუ, დიდი თუ პატარა, ყველანი ვაცნობიერებთ თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა დღეს ქართულმა კულტურამ.
ჩემთვის პირადად ახალგაზრდობიდან, პარიზის ემიგრაციის წლებიდან, ბატონი ანზორი იყო განსახიერება ქართული სიმღერისა და გალობის, ანუ ქართული სულის. წლები გავიდა და ვამაყობ იმითი, რომ შემიძლია იგი დღეს ვახსენო ჩემ უფროს მეგობრად.”- წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებელი, ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ.