სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს.
აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ეძლეოდა სალომე ზურაბიშვილს უფლება გუშინ, თსუ-ში სტუდენტებთან კამპანიის – „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ესაუბრა.
„პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზნისთვის. ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სტუდენტებს უკრძალავს მაგიდის დადგმას და პეტიციაზე ხელის მოწერას.