„ეს სააკაშვილს შეუძლია, როცა დასჭირდება დილით უფალო შემიწყალე და საღამოს, სალომე შემიწყალე თქვას. არიან ადამიანები, რომელთაც ღირსება ჰქონდათ და ეს ღირსებაც წაართვა. თუ ზურაბიშვილი ამ ყველაფერს თუ თავის თავზე აიღებს, ეს მისი საქმეა“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრის დროს განაცხადა.
სააკაშვილი: „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ჩემს შვილებს მამა ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს“
გურამ მაჭარაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, სალომე ზურაბიშვილიც მასთან ერთად „ვივა მედში“ დაჯდება:
„სალომე ზურაბიშვილს ჩვენ ვაკრიტიკებდით იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს აყენებდა შეურაცხყოფას და აზიანებდა სახელმწიფოს, ამიტომ ვაკრიტიკებდით და არა პიროვნულად.
მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც სააკაშვილის შეწყალებაზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ფორმალურად პრეზიდენტის უფლებებზე შეწყალებასთან დაკავშირებით, არამედ პიროვნულად.
არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ის შეიწყალებს, ისიც ვივა მედში დაჯდება სააკაშვილთან ერთად, როგორც მინიმუმ, იმიტომ, რომ საერთაშორისო და ქართულმა სასამართლომ აღიარა, რომ სააკაშვილმა დამნაშავე რეჟიმი შექმნა.
საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირდაპირ წერია, რომ გაოგნებულია იმ ქმედებებით, რა ქმედებებითაც მოსპო სხვისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ქონება იმ რეჟიმმა, რა რეჟიმსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი. ეს არა მხოლოდ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაა, არამედ საერთაშორისო სასამართლოსი.
სამწუხაროდ, ათასობით ოჯახია გაუბედურებული. ახლა რომ ეუბნება – მამა დაუბრუნე შვილებსო, მამა ცოცხლად ენატრებოდათ შვილებს, ზოგს მამა მოუკლა, ზოგს დაუხვრიტა და ა.შ. იქ კი არ იყვნენ გამოკეტილი ოროთახიან ლუქსში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, 20 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომას დისტანციურ რეჟიმში ერთვებოდა მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც განაცხადა: „ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა“.
ამავე თემაზე:
კობახიძე: „სააკაშვილის დამსახურებით ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს“