„პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევდა და მერე იღიმებოდა ხოლმე, ერთი გვყავს უკვე „ვივა მედში“, სამწუხაროდ, ახლა მეორეც გამოჩნდა – სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებაში დღესაც აღიქმება როგორც დამნაშავე ხელისუფლების შემქმნელი, ვფიქრობ, ზურაბიშვილი არ შეიწყალებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეეცდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილზე იმპიჩმენტის საკითხით ზეწოლას და რამდენად აქვს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს.
მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, არამედ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე არ შეიწყალებს.
„საქართველოს საზოგადოებას ამის სამწუხარო გამოცდილება გაგვაჩნია, რომ პრეზიდენტები არღვევდნენ კონსტიტუციას და ამას არაფრად მიიჩნევდნენ.
სააკაშვილის შეწყალებას რაც შეეხება, პრეზიდენტს თავად ნათქვამი აქვს – „არა და არასდროს“, მაგრამ იმ მძიმე გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც გვარამიაზე მიიღო და მერე საზოგადოებიდან მძიმე რეაგირებაც ნახა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ის ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს არამხოლოდ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, არამედ თავის პირადი, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარეც, რადგან პატიმარი სააკაშვილი სხვა მოცემულობაა, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია არის პოლარიზების სიმბოლო, მაინც პატიმარი სააკაშვილი აღიქმებოდა და აღიქმება დღესაც საერთაშორისო საზოგადოებაში (თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადავხედავთ) როგორც დამნაშავე ხელისუფლების შემქმნელი პიროვნება, ამიტომ ეს მასზე იქნება რა თქმა უნდა დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევს.
იხილეთ ვრცლად: