LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გაგვაჩნია, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც მართლმსაჯულება

37
zurabishvili-administracia4

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დეპოლარიზაცია შემცირდეს და ქვეყანაში საჭიროა ინსტიტუტების სიძლიერე.

პრეზიდენტმა „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ყველაფერი, რასაც დემოკრატიას უწოდებენ, მართლმსაჯულებაზე გადის. მისივე სიტყვებით, „12 რეკომენდაციაში მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი, რადგან ეს არის საშუალება, გზა, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან, სხვა გზა არ არსებობს“.

„მართლმსაჯულებიდან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი – ადამიანის უფლებების, ბიზნესის დაცვა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, მოსმენების აუცილებლობის დადგენა. მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა, როდესაც ამ ძალიან არაევროპულ კანონს დავადე ვეტო. ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება.

ყველაფერი ის, რასაც ვეძახით დემოკრატიას, გადის მართლმსაჯულებაზე. თუ არ არის მართლმსაჯულება, მაშინ არაფერი არ არის და ვართ იმის თუ ამის ნებასა და გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ამიტომ არის ეს სამუშაო და თქვენი რეკომენდაციები, ესოდენ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „მთავარია კონსენსუსის მიღწევა, რის გარეშეც ყველაფერი ფუჭი იქნება“.

„კონსენსუსის მიღწევაა მთავარი, რის გარეშეც ყველაფერი ფუჭი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ ვერაფერზე შევთანხმდებით და ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ყველა პარტია შეძლებს, რომ წინ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე დააყენოს. ძალიან ხშირად ჩვენ ახლო ისტორიაში სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით და ეს არის ის, რაც გვაფერხებს და ეს არის ის მოთხოვნა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ჩაწერა, რომელიმე რეკომენდაციაში ან ვიღაცამ ამ კუთხით მოგვმართა. ეს ჩვენი გასაკეთებელია. თუ არ არის მინიმალური კონსენსუსი, ქვეყანა ვერ განვითარდება.

დღეს შეიძლება სხვა ქვეყნებში არის პოლარიზაცია და ვუყურებთ ძლიერ და ნაკლებად ძლიერ ქვეყნებს და იქაც იგივე პროცედურები მიმდინარეობს, მაგრამ ის ქვეყნები არიან იმ ხაზის იქით, უკვე იმ დემოკრატიულ სამყაროში არიან და მათთვის არსებობს მთავარი დამცველი მექანიზმი და ეს არის ინსტიტუტების ძლიერება.

ეს რომ არის, უკვე ჯებირებია შექმნილი, რაც იცავს ნებისმიერი პოლარიზაციისგან, რომ ის სხვა რამეში არ გადავიდეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც პრინციპები, მათ შორის მართლმსაჯულება. მართლმსაჯულება ჩვენთვის უცხო ხილი არ არის. ის ქართული ტრადიციებიდან ოდითგანვე მოდის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები