საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ქვეყანაში მაღალი დონის ვიზიტორებს ელოდება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც.
სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ განაცხადა საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელზეც მან აუდიტორიას სიტყვით მიმართა.
“საქართველოში დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები. ქართველი ხალხი ელოდება იმას, რომ აქ მაღალი დონის ვიზიტორები ჩამოვიდნენ – თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით.
იყო აქ ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ ის როგორც არცერთი სხვა ქვეყნის და, მე მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ.
მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ამერიკას და საქართველოს, რომ ჩვენი ურთიერთობები მრავალი წელი გაგრძელდეს და კიდევ უფრო მჭიდრო იყოს. მინდა, უკრაინას ვუსურვო, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რადგან მისი გამარჯვება ჩვენი, ყველას გამარჯვება იქნება. გაუმარჯოს საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, დიდება უკრაინას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.