LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, შესაძლოა, ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებდნენ – NGO

104

არასამთავრობო ორგანიზაციების საია-ს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და ISFED-ის დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზემყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ,- ამის შესახებ აღნიშნული ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

“დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.

ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ,”- აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, სამეგრელოში ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოცემულ ფაქტზე ღიად საუბრის შემთხვევაში შიშობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ. აღნიშნული ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ეს ქმედებები შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს, ასევე, წარმოადგენს  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან.

“კერძოდ,  საარჩევნო კოდექსით აკრძალულია სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას. ამ ქმედებით, ასევე ირღვევა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს განკარგულება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თავიდან აცილების თაობაზე, რომელიც საჯარო მოსამსახურეებს შეახსენებს საარჩევნო კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილ შეზღუდვებს.

ორგანიზაციები ფლობენ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც, თუმცა ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობელების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ:

მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას, საარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი;

საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაშიღიად ისაუბრონ აღნიშნულის შესახებ,”- აღნიშნულია განცხადებაში.