LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე დღეს არ გეტყვით, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზეა დავით გარეჯი – საქართველოს პრეზიდენტი

159
106101822-5452067964810669-5457909998361093162-n

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დავით გარეჯის შესახებ და მის მეგობრულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, მაშინდელ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ჩართული ვიყავი დავით გარეჯის საკითხში. იმ პერიოდში ჩვენ მოვითხოვეთ, რომ შემდგარიყო კომისია. როდესაც კომისიამ თავისი პირველი ანგარიში წარადგინა, საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი შეუთანხმებელი იყო. ამიტომ ჩვენ ეს საქმე, მაშინდელ პრეზიდენტს გადავეცით. იმის გამო, რომ ეს დავით გარეჯსა და წითელ ხიდს ეხებოდა, იმდენად პოლიტიკური თემა იყო, რომ პრეზიდენტების დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო.

არსებობს საბჭოთა კავშირის ბოლო ადმინისტრაციული, 1938 წლის რუკა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობდა ყველა რესპუბლიკა. ეს შეთანხმება აზერბაიჯანთანაც არსებობდა. ჩვენ დელიმიტაციაზე ამ საზღვრებით უნდა გვეხელმძღვანელა. მაგრამ გამქრალია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალური რუკა, სადაც მონაკვეთები ჩანს.

მე დღეს არ გეტყვით, თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზეა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსები, რადგან მშვიდობიანი და მეგობრული მოლაპარაკებები საბოლოოდ არ დასრულებულა.

მე ვიყავი დავით გარეჯში, ისევე როგორც სხვა მრავალ საზღვარზე დავდივარ. ეს იყო ოფიციალური, კულტურული ვიზიტი, რომელშიც აზერბაიჯანის მხარეც იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ერთობლივად ვიყავით ადგილზე მისული, რათა გვენახა ის ისტორიული ფრესკები და გვემსჯელა თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ მიაგო პატივი ომის გმირებს 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს.

„ქვეყნის მთავარსარდალი ქვეყნის გმირებს, სხვადასხვა თარიღებში აგებს პატივს, თუმცა იმ დღეს პრეზიდენტი სხვა საქმით იყო დაკავებული“, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

პრეზიდენტი COVID-19 -ის პანდემიასაც შეეხო.

„ვერ ვიტყოდი, რომ საკოორდინაციო საბჭოს პანდემიის გავრცელების პროცესი გაექცა. აქ უფრო, შიდა გავრცელების პროცესებია გაზრდილი, რაც უფრო რთულად სამართავია. ის, რაც პირველ ეტაპზე შევძელით, ეს საზოგადოების დიდი გამარჯვებაა. მე ვფიქრობ, რომ ეპიდემიოლოგების, სახელმწიფოს და საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობა პანდემიასთან ბრძოლაში შედგა. არ მინდა ეს ყველაფერი დავკარგოთ და ვთქვათ, რომ ვირუსი გაგვექცა. დღეისათვის შიდა გავრცელება გაზრდილია, კლასტერების იდენტიფიცირებაც გართულდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მართვადია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების თვითშეგნებაზე. ჯერ ყველაფერი ჩვენს ხელშია“, -აცხადებს პრეზიდენტი.