საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტებას აკეთებს, თუ რატომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან“ ის სიტყვები, რომელიც სიგიჟის სხვადასხვა ფორმას განმარტავს.
„უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტაჟისთვის… მინდოდა, გამეზიარებინა მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში და საინტერესო ამონარიდი სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან…
ამ მძიმე დღეებში მიმაჩნდა, რომ ცოტაოდენ განმუხტვა გვჭირდებოდა და მინდოდა, ბიძგი მიმეცა სხვისთვისაც საკუთარი წაკითხული წიგნიდან ასევე გაეზიარებინა რამე აღმოჩენა… თურმე ეს გაუგებარი ყოფილა და … სალანძღავიც კი გახდა ….
ეს არაფერი, ამას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ!
უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარი ქართული ენის გამო სულხან საბა გაილანძღა და ტელეგადაცემის უცნობი გმირიც გახდა… ეს კი თავისავად კარგი შედეგია … ტელესკოლამ ეს უნდა აიტაცოს“! – წერს სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი ბევრმა ვერ გაიგო, რისი თქმა უნდა ზურაბიშვილს – წერდნენ ფეისბუქმომხმარებლები.
“საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად.
შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;
ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;
სულელი არს , რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;
ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;
ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;
რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს;
ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს;
შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;
შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი;
ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;
შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს.”(საბა-სულხან ორბელიანი)
მდიდარი ენა …. #დარჩისახლში #ბევრიწასაკითხია“
– წერს სალომე ზურაბიშვილი.