მორიგი აქცია ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ – სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალე“ სასტუმრო “ბილტმორთან“ აქციას მართავს, სადაც ზურაბიშვილი იმყოფება. პრეზიდენტი სასტუმროში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას ესწრება.
“ზურაბიშვილი – ბიძინას დანაშაული” – ამ სლოგანით აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთ წელს აპროტესტებენ. მათი განმარტებით, საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე სამარცხვინო ერთი წელი იყო. შეკრებილებმა ადგილზე საქართველოს კონსტიტუცია მიიტანეს, რითიც სურთ პრეზიდენტს შეახსენონ, რომ საქართველოს უნდა ემსახუროს და არა ბიძინა ივანიშვილს.
„შეცვალეს“ წევრებს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები და ტრანსფარენტები აქვთ მიტანილი: “მონა”, “ჯარიც გვყავს და იარაღიც გვაქვს, მთავარსარდალი არ გვყავს”, “დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და არა გადამგდები ოლიგარქის ინტერესები”, “სალომე ოცნების მთავარსარდალი”.
“მოვედით, რომ მივულოცოთ მას ეს სამარცხვინო ერთი წელი. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ერთი წელი. სალომე ზურაბიშვილი არ არის ქართველი ხალხის პრეზიდენტი, ის ბიძინა ივანიშვილის დანაშაულია ქართველი ხალხის მიმართ”, – აცხადებენ მოძრაობის წევრები.
“სალომე ზურაბიშვილის აღსაყდრებიდან ერთი წელი გავიდა.
გილოცავთ იუბილეს, პრეზიდენტობის ორი წელი არ მოგველოცოს.
ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ბიძინას კიდევ ერთი დანაშაული ქართველი ხალხის მიმართ”, – წერია “შეცვალეს” ფეისბუქ გვერდზე.