“1989 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ,” – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენება.
სალომე ზურაბიშვილი თქმით, ეს დღე ქვეყნისთვის სამმაგი გამარჯვების დღეა:
“სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა, პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები, ამიტომ ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს.
მათი გამარჯვებაა ის, რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა, მაშინ არც დამკვირვებლები გვჭირდებოდა, არც გადათვლები…
9 აპრილის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ სწორედ 1918 წელს სახელმწიფოს სამართალმემკვიდრედ აღდგა საქართველო, ანუ ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოვების 70 წელი ამოიშალა.” – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 32 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
32 წელი ვერნაპოვნი თავისუფლება – რატომ ვერ ავისრულეთ 9 აპრილის ოცნება