LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის ვიქნები მადლიერი: ღარიბაშვილი ივანიშვილთან პირველ შევხედრას იხსენებს

79
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჩხერეში, მერის კანდიდატის წარდგენისას, ბიძინა ივანიშვილთან პირველად შეხვედრის ფაქტს იხსენებს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ამაღელვებელია, როცა იმ ადამიანის მშობლიურ მხარეში იმყოფები, ვისთანაც რეალურად ისწავლე მუშაობა.

“ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე, რისთვისაც მე პირადად ყოველთვის ვიქნები მადლიერი”

ლევან ივანიშვილის წარდგენისას, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და ღვალწლს საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

“ჩვენ მართლაც ვისწავლეთ მუშაობა და ის უნარები შევიძინეთ, რაც შემდგომ საქმიანობაში გამოგვადგა”

მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ხოლო საჩხერე, როგორც ყოველთვის, რეკორდსმენი იქნება.

„მახსენდება 2004 წლის 17 ოქტომბერი, როცა პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქ, მის სახლში და სწორედ მას შემდეგ ძალიან ბევრი საქმე განვახორციელეთ და ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე, რისთვისაც მე პირადად ყოველთვის ვიქნები მადლიერი და ეს მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო. ჩვენ მოვისმინეთ სიმართლე, ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები და ვიღაცის მოსატყუებლად ნათქვამი, მოგონილი ისტორიები. ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ გულიდან და ვეუბნებით ჩვენს ხალხს იმასა, რაც არის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ეს არის ჩვენი ხელწერა და ასეთი ხალხი ვართ ჩვენ. ამიტომაც, გვჭირდება ძლიერად გამარჯვება. ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ბატონ ბენიამინ ფალავანდიშვილს მადლობა გაწეული სამსახურისთვის და წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ბატონ ლევან ივანაშვილს. პირველივე დღეებიდან ლევანი იყო ჩართული „ქართული ოცნების“ გამარჯვების საქმეში. ძალიან მაგარი, მეურნე კაცი, საჩხერეს უყვარს ლევანი, ლევანს უყვარს საჩხერე და ვიცი, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯება საჩხერლებისთვის. წარმატება და გამარჯვება, ეჭვი არ გვეპარება, რომ ისევე, როგორც ყოველთვის, რეკორდსმენი იქნება საჩხერე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.