LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა სოციალურად დაუცველებს შემწეობასთან ერთად 300-ლარიან სამსახურს სთავაზობს – პირველ ეტაპზე 50 000 ვაკანსია ცხადდება

269
ღარიბა

“წელს უნდა დავიწყოთ დასაქმების აქტიური პოლიტიკა” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებისას  და აღნიშნა, რომ პირველი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება, ხოლო პირველ ეტაპზე ვაკანსია 50 000 სამუშაო ადგილზე გამოცხადდება.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგადად, უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა.

ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს.

600 ათასი სოციალური დაუცველი მოქალაქიდან, 200 ათასამდე და მეტი შრომისუნარიანია. ისინი არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები იმისა, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქე, ვისაც ეს შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში.

ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს, დავიწყებთ პირველი მარტიდან და ვიწყებთ შრომისუნარიან, სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროგრამით 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები ისარგებლებენ.

“პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები და სოფლისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, სხვა სამინისტროები მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას და ჩვენ შეიძლება 100 ათასზეც კი გავიდეთ”, – თქვა პრემიერმა.

„პროგრამის განხორციელებით ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები. ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს. ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირები, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000-ზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირის პროგრამაში ჩართვა არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას.

მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. რა დახმარებასაც ის იღებს, მიეცემა ოთხი წლის განმავლობაშიც.

ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ანუ ერთი მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს 400–500 ლარი, ზოგიერთ შემთხვევაში, 700-800 ლარიც და ამის შემდეგ კიდევ ზემოდან იქნება დამატებით სახელმწიფოსგან.

მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არც ერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობ, სამართლიანია.

რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში მას შეუძლია, შეცვალოს გადაწყვეტილება და დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს.

საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა, ჩვენი ვარაუდით იქცევა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები