LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზიტის ამ დონემდე აწევა ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს: ზალკალიანი პრემიერის თურქეთში ვიზიტზე

81
დავით ზალკალიანი

“ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტის ამ დონემდე აწევა მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.” – საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს აფასებს.

ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა

დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას განიხილავენ, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონტექსტში:

“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტი ამ დონემდე აწევა მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ჩვენი თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. პანდემიის პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა იყო სამაგალითო და ამჟამადაც, როდესაც ქვეყნების ეკონომიკა იხსნება, მნიშვნელოვანია ასევე ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენება.” – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ მხარეები რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზეც ისაუბრებენ:

“საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. მოგეხსენებათ, რომ თურქეთთან ერთად, საქართველო სხვადასხვა ფორმატებშია ჩართული, ასევე ვავითარებთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს. სწორედ ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, არსებული პროექტების ეფექტურად გამოყენება და სიტუაციასთან თავსებადობა იქნება განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება” – თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის მეთაური, ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.