“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ხალხი, რომელიც დღესდღეობის საპროტესტო აქციებს მართავს, 1990-იან წლებში არიან ჩარჩენილები.
წილოსანმა ამის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე, ცესკოსთან აქციის წყლის ჭავლით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დაწერა.
“ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ.. ვის ჭირდება მიტინგები , სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან. დემოკრატია კომპლექსური პროცესია – ხალხი, ხელისუფლება, ოპოზიცია , ინსტიტუტები .. დემოკრატიის დაზიანება შეუძლია როგორც ხელისუფლებას ისევე ოპოზიციას, სწორედ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიის დაზიანებად აღიქვამენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბარიერ გადალხული პარტიების არ შესვლას პარლამენტში , რადიკალიზმია – თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით საერთოდ არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის ღალატი მათი ამომრჩვლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის არჩეული კურსის- დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმა”, – წერს წილოსანი.
ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს
სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენა, წინასწარ კი პროტესტის მონაწილეები მხოლოდ მეორედ გამოყენებამდე გააფრთხილა. აქციის დაშლისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა ცესკოს ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრა სცადეს, ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის შესაბამისად მოქმედებდა. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება პროპორციული ზომაა.
შეგახსნებთ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ, საპროტესტო აქციას დღეს, 18:00 საათზე განახლებენ.