ოპოზიცია ყველა ძალას გამოიყენებს, რადგან ამ კანონის მიღების შემდეგ მათ შავ ფულზე წვდომა უწყდებათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„არასამთავრობო ორგანიზაციებში არის რაღაც კლანური ნაწილი, სადაც არც ხელმძღვანელი და არც შემადგენლობა იცვლება. რეალური კლანის დამახასიათებელი თვისებები აქვთ და ზუსტად ეს ადამიანები და თავად პოლიტიკოსებიც კარგავენ დაფინანსებას. კონკრეტული შემთხვევები გვაქვს, რომ დაფინანსების რაღაც ნაწილი მიდის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც პოლიტიკოსებს აქვთ შექმნილი. არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, ზოგადად, საერთაშორისო პრინციპებით, ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური დაფინანსება აკრძალულია, ეს არის პირდაპირი ჩარევა შენს შიდა პოლიტიკაში. ზუსტად ამგვარ დაფინანსებასთან გვაქვს საქმე.
მინდა მივმართო საზოგადოებას, თუ რაიმე კითხვები რჩება, ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით იმისთვის, რომ შავი ფულის გამათეთრებლებში და ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეთ და არ აჰყვეთ პროვოკაციას, რომელიც საზოგადოების დახლეჩისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.