“ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, უკვე გვაქვს ხელშეკრულებები გაფორმებული და უახლოესი თვეების განმავლობაში ვაქცინების დამატებით დოზებს მივიღებთ, ასე რომ არ იქნება არანაირი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვაქცინების თაობაზე, ხელისუფლება საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც უშუალოდ მწარმოებლებთან, ასევე კოვაქსპლატფორმის საშუალებით:
“ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც დავიწყეთ უკვე ვაქცინების მიღება, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები, ამის შესახებ რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე.
საუბარია “ფაიზერის” ვაქცინების დამატებითი დოზების შემოტანაზე, დაახლოებით ივნისი-ივლისის თვეებში, მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება, უშუალოდ მეც ვიყავი ჩართული და “ფაიზერის” პრეზიდენტთანაც მქონდა არაერთი ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური “სინოფარმისა” და “სინოვაკის” კომპანიებთანაც, ასევე “მოდერნასა” და “ნოვავაქსის” ახალი ვაქცინის შემოტანაზეც.” -განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასე რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, უკვე გვაქვს ხელშეკრულებები გაფორმებული და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ, ასე რომ არ იქნება არანაირი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში, რამდენიმე დღეში
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის სხდომის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, იმსჯელებენ არსებულ რეგულაციებზე და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსგან:
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, სამინისტროს სისტემა ეფექტიანად მართავს სიტუაციას, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას საქართველოში.
გვესმის ჩივილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ჩვენ ამის შესახებ ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსგან.” – განაცხადა პრემიერმა.