პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სესხის აღებაზე საქართველომ უარი შეგნებულად და გააზრებულად თქვა, ოპოზიცია კი მისი თქმით, მოსახლეობას ურცხვად ატყუებს, რომ თითქოს „ეს იყო რაღაც გრანდიოზული დახმარება ევროკავშირის მხრიდან.“
„ბოლო ორი დღეა მაგალითად მიდის კრიტიკა იმის თაობაზე, რომ საქართველომ, ვინაიდან ჩვენ შეგნებულად, გააზრებულად, უარი ვთქვით უბრალოდ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე და გამოდიან ურცხვად, ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს ეს იყო რაღაც გრანდიოზული დახმარება ევროკავშირის მხრიდან.
და ვინაიდან მთავრობამ ამაზე, დამატებით სესხის აღებაზე უარი თქვა, მათივე სიტყვებით, მათივე ინტერპრეტაციით ვიტყვი, რომ თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე და ინტეგრაციაზე და ზოგადად, კურსზე. რაც, რა თქმა უნდა, არის შეურაცხმყოფელი ტყუილი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანას აქვს რესურსი, ეკონომიკა იმდენად განავითაროს, რომ პარტნიორების დახმარება არ დასჭირდეს.
„ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს დამატებითი რესურსები ბიუჯეტში მილიარდ ორასი მილიონ ლარის სახით, და კიდევ უფრო მეტი გვექნება წლის ბოლოს, ვინაიდან ჩვენი ვარაუდით, პროგნოზებით, ორნიშნა ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა რომ უარი ვთქვათ დამატებით საგარეო ვალის აღებაზე,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საგარეო ვალის შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავს შეიკავებს.