LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უპრეცედენტო €1 მლრდ-იანი დონაცია განათლებაში გეგმაზომიერად ხორციელდება” – ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო

64
BeFunky-collage (30)

ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

პრემიერ-მინისტრმა ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ეს პროექტიც მთლიანად, მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ფონდ „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება. კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის.

ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა და განსაკუთრებით ბავშვთა მკურნალობისთვის; ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის.

მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, რომელიც უმნიშვნელოვანეს კვლევებს სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში წარიმართება. მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting, რომელსაც ამ სფეროში ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, რომ ფონდის უპრეცედენტო 1 მლრდ ევროს ღირებულების ინვესტიცია განათლებაში გეგმაზომიერად და ეტაპობრივად ხორციელდება. მან ქუთაისისა და ქვეყნისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამით ქვეყანაში იქმნება საგანმანათლებლო ჰაბი.

„ფონდი „ქართუ” ასრულებს თავის დანაპირებს – უპრეცედენტო ისტორიული დონაცია განათლებაში – 1 მლრდ ევრო, რის შესახებაც რამდენიმე წლის წინ გაცხადდა, გეგმაზომიერად და ეტაპობრივად ხორციელდება. ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიის მქონე ორი ამაჩქარებლით, აბსოლუტურად სხვა პოზიციონირებას გაუკეთებს არამხოლოდ ქუთაისს, არამედ მთელ ქვეყანას და აიყვანს სხვა დონეზე როგორც მედიცინაში, ისე ფუნდამენტურ მეცნიერებაში. გაიხსნება ახალი პერსპექტივები ქუთაისისთვის და გარშემო რეგიონებისთვის.

ჩვენს თვალწინ ქუთაისში იქმნება საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც მოემსახურება ქართველ და უცხოელ სტუდენტებს. ჩვენ თამამად ვიმეორებთ ყველგან ჩვენი უნივერსიტეტის დევიზს – ქუთაისი ადგილია, სადაც განათლება ქმნის მომავალს, ჩვენი პროექტი აფართოებს ჰორიზონტს და ქმნის ახალ რეალობას და ცვლის მას. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ჩვენს შვილებს ვეტყვით, რომ ჩვენ ამ პროექტის დიდი ნაწილი ვიყავით“, – განაცხადა ფონდ “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

სიტყვით გამოვიდა განათლების მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია.

„სწორედ მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი გვაქვს. დღეს ეს უნივერსიტეტი იძენს ახალ განზომილებას – ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, ჩვენთანაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ზოგადად, განათლებისა და მეცნიერების სფეროს დიდი მხარდამჭერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

IBA-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრმა პაციენტების მიღება 2024 წელს უნდა დაიწყოს.