უკრაინა ევროკავშირის თავდაპირველ მხარდაჭერას, წევრობის გზაზე, სავარაუდოდ, მიიღებს – ამ სათაურით გამოცემა Bloomberg ვრცელ სტატიას აქვეყნებს და უკრაინის ბლოკში შესვლის მოწინააღმდეგე და მომხრე ქვეყნების შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება, მომავალ კვირას, რეკომენდაციას გაუწევს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რაც მთავარი ეს იქნება ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გრძელ გზაზე.
„რეკომენდაცია, რომელსაც განხილვა და მიღება სჭირდება, ევროკავშირის კომისართა კოლეჯმა უნდა მოახდინოს, ეს კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ პირობებს მოჰყვება“, – განაცხადეს გამოცემასთან იმ პირებმა, რომლებმაც კონფიდენციალურ საკითხზე, ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
როგორც Bloomberg წერს, ეს მომენტი მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, რომელმაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობაზე, თავისი პოლიტიკური მომავლის დიდი ინვესტიცია მოახდინა, მაგრამ არ არსებობს სწრაფი გზა გაწევრიანების ხანგრძლივი პროცესის დასაჩქარებლად და უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება საკვანძო სახელმწიფოების წინააღმდეგობების დაძლევა, რომლებიც ბლოკის გაფართოებას ეწინააღმდეგებიან.
ევროკომისიის საბოლოო დასკვნას, თუნდაც დადებითს, წევრი ქვეყნების დამტკიცება დასჭირდება, სანამ უკრაინას სტატუსი ოფიციალურად მიენიჭება. ბლოკის ლიდერები ამ საკითხს, ბრიუსელში, 23-24 ივნისს განიხილავენ.
გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი წინააღმდეგი არიან ამ ნაბიჯთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ არ შეიძლება უკრაინას, არსებულ განმცხადებლებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს.
წევრობის პროცესი მოიცავს რთულ ნაბიჯებსა და პირობებს, რომლებიც ჩვეულებრივ შეიძლება ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, მოსაზრება სავარაუდოდ 17 ივნისს გახდება ცნობილი.
კომისიის სპიკერმა თქვა, რომ ევროკავშირის შემდეგი სამიტის წინ, საკუთარი მოსაზრების გამოტანისთვის, მუშაობა გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით ბლოკსს ოფიციალურად თებერვლის ბოლოს მიმართა, რის შემდეგაც კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ზელენსკის აპრილში, კიევში ვიზიტის დროს, წევრობის კითხვარი გადასცა. ამასთან, ფონ დერ ლაიენმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახშია.
„ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის ნიდერლანდები, ჯერჯერობით ეწინააღმდეგება კიევის წინადადების მხარდაჭერას, ხოლო უმრავლესობა, მათ შორის იტალია, ამის მომხრეა“, – წერს Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის პოლონეთმა, ლიეტუვამ და ირლანდიამ გუშინ, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათ სურთ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტონ მკაფიო შედეგი და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ესტონეთმა კი ხაზი უკრაინის იმედის მიცემის აუცილებლობას გაუსვა.
გერმანიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შედეგი შეიძლება იყოს პირობითი კანდიდატის სტატუსი. დიპლომატიურ ნოტაში, რომელიც Bloomberg-მა მოიძია, დანიამ თქვა, რომ უკრაინა საკმარისად არ აკმაყოფილებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას, ინსტიტუციების სტაბილურობას.
„კიევს დასჭირდება ძირითადად გააუმჯობესოს თავისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, რათა ყველა ამ სფეროში პროგრესი მოხდეს.“ – ნათქვამია ნოტაში.
კოპენჰაგენი უკრაინას „ზოგადად ძალიან ადრეულ ეტაპზე“ ხედავს, მის მზადყოფნაში აიღოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები და ჩამოაყალიბოს მოქმედი საბაზრო ეკონომიკა ან გახდეს კონკურენტუნარიანი ერთიან ბაზარზე.
როგორც Bloomberg წერს, უკრაინა 180 ქვეყანას შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შარშანდელ რეიტინგი 122-ე ადგილზეა. უკრაინელები ქუჩებში ორჯერ გამოვიდნენ, 2004 და 2014 წლებში, რათა იძულებული გაეხადათ ხელისუფლება, გაექროთ კორუფცია. უკრაინელებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, Rating Group-ის მიერ მარტის გამოკითხვაში 91%-მდე გაიზარდა, დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 61% იყო.
ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ოფიციალურად დაიწყება ევროკავშირის წევრობის პროცედურა. შეგახსენებთ, რომ ხორვატია იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც ბლოკს შეუერთდა და მისი განაცხადის პროცესი 10 წელს გაგრძელდა, სანამ ის ოფიციალურად, 2013 წელს ევროკავშირში არ მიიღეს.