LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება…დანაშაულის განცდა ყველაზე მეტად ასეთებს სტანჯავთ ხოლმე, თითქმის უდანაშაულო ადამიანებს” – გიორგი კეკელიძე გურამ დოჩანაშვილს იხსენებს

542
BeFunky-collage (3)

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მწერალ, გურამ დოჩანაშვილს იხსენებს.

კეკელიძე ერთ-ერთი ინტერვიუს შესახებ წერს, რა დროსაც დოჩანაშვილს დაუსვა კითხვა, რომელმაც მწერალი დააბნია.

გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, რომ “დანაშაულის განცდა ყველაზე მეტად ასეთებს სტანჯავთ ხოლმე, თითქმის უდანაშაულო ადამიანებს.”

კეკელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ოდესმე, როცა ღმერთს შეხვდებით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა მას?“ – გურამ დოჩანაშვილის ემოციური პასუხი გიორგი კეკელიძის კითხვაზე

„ერთხელ, გურამ დოჩანაშვილს, ტელეგასაუბრებისას ვკითხე – ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება. მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, ისეთი საშინელი დამნაშავე – მე რა უნდა ვუთხრაო. კამერებს მიღმა კიდევ გავცვალეთ ამაზე ორი სიტყვა და მას მერე ვფიქრობ. განა მხოლოდ გურამზე. სხვებიც მინახავს – ნაკლები – სახელგანთქმული და მეტი – სრულიად უცნობი ადამიანი. მორწმუნეც და ურწმუნოც. საკუთარი ქცევით და წესით სულ დარჩეული ხალხი. მინახავს და ვიცი – დანაშაულის განცდა ყველაზე მეტად ასეთებს სტანჯავს ხოლმე, თითქმის უდანაშაულო ადამიანებს. მამაჩემი ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება ბავშვობაში მოკლული ბუს გამო ისჯებოდა.

სიზმრად ნახულობდა და კანკალით იღვიძებდა. ბაბუაჩემი, 1971 წელს რომ წისქვილიდან მეზობლის ფქვილის ნაწილი წამოიღო, იმას აბრალებდა ყველა უბედრებას. სხვები, ასეთ ამბებს მეხსიერებასაც არ გააკარებდნენ და თუ შეიტყობდნენ, რომ სხვა დარდობს, იმ სხვას აუცილებლად მოუწყობდნენ სასამართლოს.

თანამედროვე სამყარო ხომ ისედაც სხვის თვალში დირეს ძებნის სპორტის დიდი მოედანია, სადაც არც პატიების თხოვნა ფასობს და არც შენდობის სურვილი აქვს ვინმეს. ვირტუალურ გილიოტინად აღმართული ახალი ,,ლინჩის სასამართლო” კითხვებს არ სვამს – მას მხოლოდ პასუხები აქვს და ეს პასუხები უკვე გულისხმობენ საშინელ განაჩენს. დიდი და ნამდვილი დამნაშავეები, სადღაც, მოედანს მიღმა ხითხითებენ, გურამისმაგვარებს კი, საკუთარი, უმცირესი ცოდვები რომ ისედაც სტანჯავთ, იოლად ვერევით და ვქოლავთ. ვიცი არაერთი – ერთმანეთს ასმენდა, სცემდა, კლავდა და ძარცვავდა – კი, მეორე ადამიანის ფიქრს ვერასდროს გაიგებ, მაგრამ მაინც ღრმად მწამს – მათი დარდი და ქენჯნა მეათასედია გურამის სევდასთან, რომელიც მხოლოდ ადამიანად დაბადებას ინანიებდა…

მამაჩემზეც გითხარით. კი, მამაჩემი მთელი ცხოვრება ნანობდა, 16 წლისამ გეკოს თოფით ბუ რომ მოკლა. მიყვებოდა ცრემლგამხელილი თვალებით: თავიდან გამიხარდა და ყიჟინით გავიქეცი. მივედი. დავხედე. ამომხედა და თვალებით მითხრა, შვილებთან მივდიოდიო. მამაჩემის ფიქრით ამაზე მოუნანიებელი ცოდვა არ არსებობდა.

ასე მგონია, სიკვდილისას ეს ბუ მოფრინდა მასთან და უთხრა: გამომყევი. მამაჩემს შეეშინდა, მაგრამ ბუ არ ჩანდა ბოროტი: „გამომყევი, მე გაპატიე“ – მაშინ მამაჩემი შეაჯდა ბუს და გაფრინდნენ ბუ და მამაჩემი. გურამს კიდევ ბუც არ მოუკლავს. ჰოდა, ღმერთი ალბათ კეჟერაძეების ამბავს თუ აყოლებს, აყოლებს და იცინიან“,- წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ერთ დროს მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე” – გურამ დოჩანაშვილის გულახდილი ინტერვიუ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები