LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გავიმარჯვე…ახლა ვცდილობ სხვებს ხელი გავუწოდო და ის, რომ დღეს იგივე კლინიკის მენეჯერი ვარ, სადაც ვმკურნალობდი, სწორედ ამ ბრძოლის ნაწილია” – გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

146
BeFunky-collage - 2024-04-10T234534.393

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საკუთარ თავზე გამარჯვების საოცარ ამბავს გვიყვება.

მისი თქმით, სურს მაგალითი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს იმ დაავადებით იტანჯებიან, რაც მან დაამარცხა.

,,ორი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ვფიქრობდი, რომ ალბათ დაბადება არ ჯობდა. ჩემ ტანჯვას გაუსაძლისს მიღმა ეთქმოდა – უკონტროლო ბენზოდიაზეპინების არნახული ბურუსი ისედაც საზარელ ობსესიებს აძლიერებდა.

შიშების ალყა. სრული უუნარობა – 57 კილოგრამი ვიყავი, დიაფრაგმის სპაზმის გამო, შეუჩერებელი სლოკინი წამებას აათკეცებდა, კედელს ვეყრდნობიდი და ისე მივღოღავდი, დერეალიზაციის ჯოჯოხეთური გისოსები სამყაროსგან მაცალკევებდა – დედამიწა სადღაც მიღმა არსებობდა და იღიმოდა.

ღიმილი კი საერთოდ სხვა რასის ნიშანი მეგონა და არა ადამიანთა. უმძიმესი დეპრესია – წარსულის საცეცებით მომავლის წაშლა და აწმყოს გაუქმება, მცირე შეცდომებზე ფიქრის დაუცხრომელი წრებრუნვა, გაასმაგება, გამოგონება და თვითგვემის შეუნელებელი ტანტრუმი. ცილისწამებისა და დაბრალების ფობია – მოკლედ სულის სიმსივნე შფოთვის აგრესიული მეტასტაზებით.

ერთადერთ რამეს ვოცნებობდი – ჩუმად წავსულიყავი, მენახა რომელიმე მშენებარე შენობა, საიდანაც გადმოვხტებოდი და დადასტურებულად დასრულდებოდა ეს დიდი გაუგებრობა. მერე იყო ის, რაც ყველა თქვენგანმა იცით, მერე – ისევ საზარელი, ავთვისებიანი თვეები და ბოლოს იყო: სახლი/Sakhli სადაც მიყვანილმა, ახლა უკვე ჩემ მეგობარს, ლოლა ლომიძეს ვუთხარი: ,,მაინც მოვკვდები” – ვუთხარი მე – ,,ამდენი რამისგან თავის დახსნა წარმოუდგენელია, ტყუილად ვწვალობთ”. ,,ახლა როგორ ხართ?” – მკითხა ერთმა მათგანმა, ვინც დამხვდა. ცალი თვალით შევხედე და ვუთხარი: ,,ახლაც და სულ ძალიან ცუდად”. ის გავიდა და ნახევარი აბი ბენზოდიაზეპინი შემომიტანა. კიდევ უფრო ცალი თვალით შევხედე – იმ დილით ხუთი ეგეთი და კიდევ ორი უარესი მქონდა დალეული. და დაიწყო გრძელი პროცესი – ფსიქოტროპულების ნელი ჩახსნა და პარალელური მკურნალობა – უმძიმესი დღეები, სასოწარკვეთის და იმედის ხშირი მონაცვლეობა – ძალის ძებნა, ფიქრის ვარჯიში, ნების გამოძერწვა. და გავიმარჯვე.

ახლა ყოველდღიურად ვცდილობ მაგალითი მივცე სხვებს და ხელი გავუწოდო. ცალკე და ახალი ბრძოლაა ეს – მძაფრი და საინტერესო. პირობაც დავდე, რომ თუ გავიმარჯვებდი, სულ ვიქნებოდი, ამ სირთულეებთან მებრძოლი ადამიანების მხარეს და ის, რომ დღეს იგივე კლინიკის მენეჯერი ვარ, სადაც ვმკურნალობდი, სწორედ ამ ბრძოლის ნაწილია”, – წერს გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძე დაოჯახდა: „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი მარიამ სოსელიაზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები